კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, რუსეთის ხელმძღვანელობა და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებენ, რომ ბახმუტს აიღეს, მაგრამ უკრაინელი სამხედროები ამას კატეგორიულად უარყოფენ. ქალაქში ვითარება კრიტიკულია – ბახმუტის უკრაინელი დამცველები საარტილერიო ცეცხლისა და მძლავრი აფეთქებების შესახებ იუწყებიან.
ბახმუტისთვის ბრძოლა თითქმის ერთი წელია გრძელდება. ქალაქი უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა.
რატომ არის ვითარება ასეთი დაძაბული აღმოსავლეთ უკრაინის აქამდე ნაკლებად ცნობილ რეგიონში, რომლის კონტროლიც, სამხედრო ექსპერტების უმეტესობის აზრით, დიდ დივიდენდებს არ მისცემს არც ერთ მხარეს?
რუსული გზავნილები
პრიგოჟინი პირველი იყო, რომელმაც ქალაქის აღების შესახებ განაცხადა 21 მაისს დილით, შემდეგ იყო განცხადებები “ბახმუტის გათავისუფლების” შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კრემლისგან.
„ვლადიმირ პუტინი ულოცავს “ვაგნერის” სამხედროებს, ისევე როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც უზრუნველყვეს საჭირო მხარდაჭერა ფლანგებიდან. ყველა, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბრძოლაში, დაჯილდოვდება სახელმწიფო ჯილდოებით“, – აცხადებენ კრემლის პრესსამსახურში.