ახალქალაქის ახალგაზრდულმა ცენტრმა და კავშირმა ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის 108 წლისთავისადმი მიძღვნილი 2 დღიანი გამოფენა მოაწყო, სადაც სომხეთის ისტორიის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებული ფოტოები და ნახატები იქნება წარმოდგენილი.

გამოფენა პარასკევს და შაბათს, 21 და 22 აპრილს, 11:00-დან 16:00 საათამდე, ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიის ეზოში გაიმართება. ფოტომასალა ჯავახეთის სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ვიკარიატმა, ხოლო ხელნაწერი ნახატები ახალქალაქის სამხატვრო სკოლამ მიაწოდა ორგანიზატორებს.

vistavka

„შეკრება და ღონისძიება სომეხთა გენოციდის 108 წლისთავს ეძღვნება. ახალგაზრდული ცენტრის სტუდენტებიც ვმონაწილეობთ გამოფენაში. მიზანია მთელ მსოფლიოს მოვუწოდოთ, სომხების გენოციდი აღიარონ და ხალხს იძულებით წაღებული მიწები დაუბრუნონ“, – აღნიშნა ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლემ ვალერი მოვსესიანმა.

vistavka2

vistavka4

ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრზე პასუხისმგებელმა პირმა, კარინე თადევოსიანმა განაცხადა, რომ ღონისძიება სტუდენტების ინიციატივა იყო, რათა მოსახლეობისთვის ის კადრები ეჩვენებინათ, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს.

„საკითხის განხილვამდე ადამიანებმა ჯერ თავიანთი წარსული უნდა იცოდნენ და მკაფიო წარმოდგენა ჰქონდეთ, თუ რისთვის იბრძვიან, რას ითხოვენ. ვხედავთ, რომ თურქეთი კრიმინალურ ქმედებებს აგრძელებს და ამას მთიან ყარაბაღში 44-დღიანი ომი და 130-დღიანი ბლოკადა მოწმობს, სადაც სხვა მაცხოვრებლების გარდა 30 000 ბავშვია. ეს გენოციდია, რადგან იგი მხოლოდ მკვლელობას არ გულისხმობს. ხალხის ასახლებენ, დეპორტაციით უშვებენ, სახლებს ართმევენ“, – განაცხადა კარინე თადევოსიანმა.

vistavka5

vistavka6