ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „მეხუთე კოლონამ“ ვერ მიაღწიოს ვერც ერთ მიზანს. „მეხუთე კოლონის“ მიზანია ქვეყნის განადგურება, ომში ჩართვა. თქვენ დაანგრიეთ უკვე ქვეყანა ერთხელ და მეორედ არ დაგანგრევინებთ! – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას კითხვას, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას შეეხებოდა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, წარსულის დაბრუნება ქვეყანაში სწორედ ე.წ. მეხუთე კოლონას სურს, რაც არ მოხდება.
„წარსულში ხართ თქვენ ჩარჩენილები, თქვენ გინდათ წარსულის დაბრუნება საქართველოში, რომელიც არ მოხდება! თქვენც ხართ მართული, დაკავშირებული დესტრუქციულ, რადიკალურ ძალასთან, რომელიც არის სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ პარტია. თუ გაინტერესებთ ჩვენი მომავლის ხედვები, შეგიძლიათ გვისმინოთ, უსმინოთ მინისტრებს, დეპუტატებს მომავლის ხედვებზე, გეგმებზე, ამბიციურ პროექტებზე, რომელსაც ვახორციელებთ, განვახორციელებთ თქვენ გარეშე. თქვენ მინდა გიპასუხოთ ქალბატონო თეონა, თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე, არც თქვენ და არც თქვენს მფარველ პოლიტიკურ ძალას, „ნაცმოძრაობას“. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ გააკეთა ძალიან ბევრი ევროპულ გზაზე, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა არის ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგი და ახლა ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსს. მტერი კი არის ის ადამიანი, რომელიც ხელოვნურ ბარიერებს უქმნის ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, რომ არ მიიღოს ქვეყანამ სტატუსი. მტრობა არის ის, რომ ნაცვლად თანამშრომლობისა, რადიკალური ოპოზიცია აწყობს საბოტაჟს, ბოიკოტს. მტრობაა ის, როცა თქვენი კოლეგები ბრიუსელში აქტიურად იყენებენ თავიანთ მფარველ ლობისტებს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მტრობაა ის, როცა ბრიუსელში დადიოდა თავად სააკაშვილი, ბაქრაძე და სხვები, რომ ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი. ეს არის მტრობა და ამ მტრობაში ჩართული გყავთ თქვენ მიერ მოსყიდული კორუმპირებული ლობისტები და ზოგიერთი ევროპარლამენტარი, რომლებიც წარმატებით ასრულებენ ამ დაკვეთას. ეს არის პირდაპირი მტრობა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების. ჩვენი მთავრობა აკეთებს ყველაფერს. თქვენ გვიპასუხეთ, რას აკეთებთ თქვენს ერთადერთ რეკომენდაციაზე, რას აკეთებთ იმისთვის, რომ შეამციროთ პოლარიზაცია? – არაფერს, პირიქით, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანოთ ქვეყანაში და თქვენც ხართ მონაწილე ამ შეთქმულების“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანას დაიცავს არა დოკუმენტი, არამედ სწორი პოლიტიკა.
„თეონა აქუბარდია მეკითხება კონცეპტუალურ დოკუმენტებზე, რომელიც მისი გადმოსახედიდან, შექმნის უსაფრთხოების გარანტიებს და მოსახლეობას დაიცავს. დოკუმენტი კი ვერ დაიცავს ქვეყანას, ქვეყანას დაიცავს სწორი პოლიტიკა, ხელისუფლების გონივრული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და არა თქვენ მიერ გაუაზრებელი, უგუნური და უკვე გამოცდილი დესტრუქციული პოლიტიკა, რომელიც ანგრევს და დაანგრია ჩვენი ქვეყანა.
ვინაიდან, რეგიონში არის შეცვლილი ვითარება უკრაინის ომის შედეგების პროგნოზირება თქვენ კი არა და ჩვენ, დღეს დედამიწის ზურგზე არავის შეუძლია. ჩვენი პარტნიორები დღეს ვერ ამბობენ გადაჭრით, თუ რა შეიძლება მოხდეს უკრაინაში, არავინ იცის როგორ დასრულდება უკრაინის ომი და დღეს უნდათ ამ ადამიანებს, რომ ჩვენ გავაკეთოთ უსაფრთხოების კონცეფცია და ვთქვათ, გამოვკვეთოთ საფრთხეები? მე არ ვიცი, რა საფრთხეები შეიძლება გამოიკვეთოს დამატებით. გამოდიხართ რაღაც განცხადებებით, გინდათ საზოგადოებას აჩვენოთ, თითქოს რაღაცის საქმის კურსში ხართ, სინამდვილეში, წარმოდგენა არ გაქვთ, რა გამოწვევების წინაშეა დღეს ქვეყანა. რუსეთი რომ ოკუპანტია, ეს ფაქტი სახეზეა. მთავარი პრობლემა მოხდა 2008 წელს, რუსეთმა დაიკავა და დღესაც აკონტროლებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს. დღეს მთავარი გამოწვევა რაც არის, ეს არის შიდა დესტაბილიზაციის საფრთხეები. თქვენ რომ იყოთ უსაფრთხოების ობიექტური ექსპერტი, გამოხვიდოდით და მოუწოდებდით თქვენს რადიკალურ ექსტრემისტებს, „მეხუთე კოლონის“ წარმომადგენლებს, რომ ასეთ ვითარებაში, როცა ქვეყანა არის ოკუპირებული, ელოდება კანდიდატის სტატუსს და უკრაინაში არის ომი, აქ არ უნდა იმართებოდეს აქციები, მთავრობის დამხობისა და დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით. ასეთ შემთხვევაში, მე თქვენ მხარს დაგიჭერდით და თქვენს პოზიციას პატივს ვცემდი, მაგრამ თქვენ გამოდიხართ და იმეორებთ იმ ნარატივს, რომელიც არის ჩამოყალიბებული „მეხუთე კოლონის“ მიერ. ეს არის „მეხუთე კოლონა“, მტრული ძალების გამტარებელი კოლექტიური ორგანიზაცია. თქვენ, როგორც უსაფრთხოების ექსპერტი, რატომ არ გამოხვედით, რატომ არ დაგმეთ დესტაბილიზაციის მოწყობის ეს ფაქტები? პარლამენტის შენობის მიმართ ცეცხლის გახსნა, პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა რატომ არ დაგმეთ? წარმოდგენა არ გაქვთ, რა მდგომარეობაშია რეგიონი და მთელი მსოფლიო. არაფრით განსხვავდებით სააკაშვილის პარტიისგან, ჩართული ხართ ამ რადიკალურ ძალასთან. მინდა გითხრათ, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების გარდა, ყველაზე მთავარი გამოწვევა არის „მეხუთე კოლონის“ მოქმედება საქართველოში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „მეხუთე კოლონამ“ ვერ მიაღწიოს ვერცერთ მიზანს. „მეხუთე კოლონის“ მიზანია ქვეყნის განადგურება, ომში ჩართვა. თქვენ დაანგრიეთ უკვე ქვეყანა ერთხელ და მეორედ არ დაგანგრევინებთ!“- განაცხადა ღარიბაშვილმა.