18 თებერვლის საღამოს ახალქალაქში დანით თავდასხმის შემდეგ, შსს-ს ახალქალაქის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ორი ბრალდებული, მამა და შვილი დააკავეს. მათ ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობა და ძალადობა ედებათ.
18 თებერვალს შუახნის მცხოვრებლებმა ერთმანეთი დაჭრეს. მუცლის ღრუში დანით მიყენებული ჭრილობით ახალქალაქის საავადმყოფოში ახალქალაქის მცხოვრები ა.რ. გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქის პოლიციის თანამშრომლებმა ეჭვმიტანილი მამა-შვილი ცხელ კვალზე, 24 საათის განმავლობაში დააკავეს. მომხდარ ფაქტზე საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა: ძალადობა (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და მკვლელობის მცდელობა (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლი). მკვლელობის მცდელობა „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან მის გარეშე“.