4 თებერვალს ახალქალაქის რაიონის სოფელ კაჯოში (კოჩიო) საბავშვო ბაღის ეზოში საბავშვო მოედანი გაიხსნა. იგი სოფლის აქტიური ახალგაზრდების პროექტია, რომელსაც ორგანიცაზია “ქალები ჯავახეთის მომავლისთვის” და ქალთა ფონდი “TACO” აფინანსებს.
სათამაშო მოედნის გახსნის იდეა სოფლის ახალგაზრდებს მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ფონდმა ისინი საგრანტო კონკურსზე თავიანთი პროექტების წარდგენაზე მიიწვია. სოფელ კაჯოდან ორი პროექტი წარადგინეს და ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა.
ამალია პაპიკიანი პროექტის ერთ-ერთი ავტორია. მისი თქმით, მიზანი ბავშვებისთვის თავისუფალი დროის გასატარებელი სივრცის შექმნა იყო, რომელსაც არა მარტო კაჯოელი ბავშვები, არამედ მეზობელი სოფლების ბავშვებიც გამოიყენებენ. გუნდის სახელი, რომლის შემადგენლობაში ამალია შედის, “ფრაკტალერია”, რაც ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს ნიშნავს.
„ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. სოფლისთვის მუდამ კარგი უნდა ვაკეთოთ და მიზანსაც მივაღწევთ – საბავშვო მოედანი გავხსენით და ახლა თავისუფლად თამაში შეეძლებათ“, – აღნიშნავს ამალია.
კაჯოში სათამაშო მოედნის გახსნას ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
გახსნის ცერემონიის შემდეგ ავტორებმა პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრეს, სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები შეასრულეს და სტუმრებს გაუმასპინძლდნენ.
სოფლის მოსახლეობა სიხარულითა და ენთუზიაზმით შეხვდა საბავშვო ბაღის ეზოში სათამაშო მოედნის გახსნას. მათი თქმით, ეს მათი შვილებისთვის კარგი შესაძლებლობაა, რადგან ისინი დროის უმეტეს ნაწილს მობილურ თამაშებს უთმობენ, ახლა კი მოედანზე თამაშს შეძლებენ.