სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის ლიდერები სოჭში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადების ტექსტს კრემლი ავრცელებს.
კრემლის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების შესრულების პროცესი.
როგორც კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „მხარეები ადასტურებენ მზადყოფნას, დაიცვან ყველა აღნიშნული შეთანხმება, რაც არის აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების კომპლექსური ნორმალიზაციის, სამხრეთ კავკასიის მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების და მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის ინტერესებში. მხარეები შეთანხმდნენ, დამატებითი ძალისხმევა მიმართონ დარჩენილი ამოცანების გადაუდებელ მოგვარებაზე, მათ შორის ჰუმანიტარული საკითხების“.
ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია „რუსული სამშვიდობო კონტინგენტის საკვანძო წვლილი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, ასევე ხაზგასმულია მისი ძალისხმევის საჭიროება რეგიონში ვითარების სტაბილზიაციისთვის.
„მხარეები შეთანხმდნენ ძალის გამოყენებისა ან მისი გამოყენების მუქარისგან თავის შეკავებაზე, ყველა პრობლემური საკითხის მხოლოდ ერთმანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის საფუძველზე გადაჭრაზე. ასევე ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი შეთანხმების გაფორმებისთვის აქტიური მზადების მნიშვნელობას რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ ურთიერთმისაღები გამოსავლის ძიება.
აქცენტი გაკეთდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პოზიტიური ატმოსფეროს ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე საზოგადოების, საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს და რელიგიურ ლიდერებს შორის რუსეთის ხელშეწყობით დიალოგის გასაგრძელებლად; ასევე პარლამნეტთაშორისი სამმხრივი კონტაქტების დაწყების მნიშვნელობაზე.
აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები მიესალმნენ რუსეთის მზადყოფნას, მომავალში ყველა ზომით გააგრძელოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობა, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და განვითარების უზრუნველყოფა“,- აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.