რამდენიმე დღეა ახალქალაქში კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თქმით ყოველივეს გამომწვევი არიან ადამიანები, რომლებიც ტესტების გასაკეთებლად არ მიდიან. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ნაკლებია, ადამიანები თითქოს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, მაგრამ ყველაფერი ისე აღარ არის, როგორც ადრე.
17 ოქტომბერს ახალქალაქში 30 სწრაფი ტესტირება გაკეთდა, თუმცა დადებითი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ასევე არ არიან თვითიზოლაციაში მყოფი პირები.
„კორონავირუსი არ გამქრალა ჩვენი ცხოვრებიდან. ის ყველა ადამიანზე ტოვებს კვალს, თუმცა არა მხოლოდ ავადმყოფობის სახით, ადამიანებს განუვითარდათ სხვადასხვა დაავადებები, მაგალითად, ისინი ვინც 1 წლის წინ ავად იყვნენ, დღემდე ხორცს ვეღარ ჭამენ, რადგან ჟანგის სუნს გრძნობენ“, – აცხადებს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი სირანუშ ტონაკანიანი.
სვეტა ლაგზიანი, რომელიც კორონავირუსით დაავადდა, ამბობს, რომ ინფექციამ თითქმის ყველგან დატოვა კვალი.
„კორონოვირუსის დროს ჩვენ დავკარგეთ კონტაქტი თითქმის ყველაფერთან და პარალელურ სამყაროში ვცხოვრობდით, განსხვავებული წესებით. პანდემიამდე სულ სხვა ადამიანი ვიყავი, უფრო აქტიური და მოძრავი, ახლა კი მალე ვიღლები. ვირუსმა ყველაფერზე დატოვა კვალი, მათ შორის ნერვულ სისტემაზეც; ისეთი წვრილმანების გამო ვნერვიულობ, რომელთაც საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას. ამას მეხსიერების პრობლემებიც დაემატა“, – განმარტავს სვეტა.
ის აღნიშნავს, რომ ადამიანების ფასეულობებიც შეიცვალა, ახლა ისინი უფრო ყურადღებიანები არიან მეგობრებისა და ახლობლების მიმართ, თითქოს კორონავირუსით გამოწვეული შიში საყვარელი ადამიანების დაკარგვის კუთხით, ყოველი წამის დაფასების იმპულსია.
„კორონოვირუსის შემდეგ ძალიან რთული იყო ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება, მეგობრების და ოჯახის წევრების სტუმრობაც კი შევწყვიტეთ, კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება ტელეფონი იყო. როდესაც ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, ზოგმა შეძლოს შიშის გარეშე დაეწყო ურთიერთობები, მაგრამ შევამჩნიე, რომ ბევრი იყენებს სპირტს ან სხვა სადეზინფექციო საშუალებებს. როცა ქორწილებისა და სხვადასხვა ღონისძიებების დაშვება დაიწყო, ყველა ბედნიერი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, უკვე გადავეჩვიეთ ასეთ მასშტაბურ ღონისძიებებს“, – დაასკვა ჩვენმა თანამოსაუბრემ.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სექტემბერში კორონავირუსი 35 719 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20 პაციენტი გარდაიცვალა.
2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 792 109 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 16 900-ზე მეტი ლეტალური იყო.