ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხორენიას სამყაროსთან დამაკავშირებელი ხიდი ნადგურდება. სოფლის მოსახლეობა შეშფოთებულია, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ პრობლემის შესახებ იციან და წლეულს თუ არა, მომავალ წელს ხიდი გარემონტდება.
სამ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ აშენებული ხიდი არასოდეს გარემონტებულა. ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება ხორენიას ხიდის შეკეთებას ჯერ კიდევ 2019 წელს გეგმავდა, მაგრამ რატომღაც ვერ განახორციელეს.
სოფელ დიდ ხორენიას მცხოვრებ შაგენ გევორგიანს არ ახსენდება გარე სამყაროსთან დამაკავშირებელ ერთადერთი ხიდი როდესმე გარემონტებულიყოს ან გამაგრებითი სამუშაოები ჩაეტარებინოთ.
„ეს ხიდი აღარ არის უსაფრთხო, საძირკვლიდან დაიწყო ნგრევა. ამის მიუხედავად, ხიდზე ყოველდღე გადიან ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანები“, – ამბობს შაგენი.
ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა Jnews-თან საუბარში განაცხადა, რომ პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობა მიმდინარეობს.
„პრობლემის შესახებ ვიცი და მოგვარდება. უკვე გამოვაცხადეთ შესაბამისი კონკურსი, რომელიც ეხება დამაკავშირებელ ხიდებს, ახლა ველოდებით საბოლოო პასუხს ღირებულებაზე. თუ მოვახერხეთ, წელს, და თუ არა, მომავალ წელს მოვაგვარებთ არა მარტო ხორენიას, არამედ სოფელ მარტუნის ხოსპიოსთან დამაკავშირებელი ხიდის (რომელიც 1962 წელს აშენდა) პრობლემას“, – თქვა ახალქალაქის მერმა.
Jnews-ი პერიოდულად უბრუნდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხორენიას ხიდის პრობლემას. სოფლის მოსახლეობა შიშობს, რომ სოფელში ერთადერთი (1962 წელს აშენებული) ხიდი ჩამოინგრევა და სოფელი ბლოკადაში მოხვდება.
წაიკითხეთ მსგავს თემაზე:
როდის გაარემონტებენ სოფელ ხორენიას ხიდს უცნობია
ლიდა ალმასიანი