ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები ჯერ არ არის, თუმცა პოლიციის თანამშრომელი სოფლის მოსახლეობას მათ დამონტაჟებას გუშინ დაჰპირდა. კომპანიაში, რომელიც გზებს ემსახურება, ამბობენ, რომ ამინდმა ხელი თუ შეუწყოთ, ე.წ მწოლიარე პოლიციელებს ხვალ დაამონტაჟებენ.
გუშინ, 11 ივნისს, სოფელ სულდაში უბედური შემთხვევა მოხდა. ირანული ნომრებით მოძრავი სატვირთო 7 წლის გოგონას დაეჯახა. სულდას მოსახლეობამ გუშინ საპროტესტო აქცია გამართა და ადგილობრივ ხელისუფლებას სოფელში სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერების დამონტაჟება მოითხოვა. სამუშაოები დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, როგორც კომპანია „ჯავახაავტოგზას“ დირექტორმა, ნოდარ ინასარიძემ აღნიშნა, ამინდის პირობები ამის შესაძლებლობას არ იძლევა.
„დღეს ბოსალში დამონტაჟდა ორი კაუჩუკის ბარიერი, სულდაშიც უნდოდათ დამონტაჟება, მაგრამ ჯერ ამინდმა შეუშალა ხელი, მერე მერმა მითხრა, რომ მოსახლეობას რეზინის ბარიერი კი არ უნდა, არამედ ასფალტისო. ხვალ, თუ ამინდის პირობები საშუალებას მისცემს, აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა ნოდარ ინასარიძემ.
როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, ისინი სამ ადგილას უნდა გაკეთდეს, კონკრეტულად იმ ადგილებში, სადაც სოფლის მოსახლეობა მიუთითებს.
სპეციალისტი სოფელ სულდაში, ზარზანდ კუჯოიანი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, პოლიცია გზას აკონტროლებს და სოფელში აქტიურად პატრულირებს.
შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე, სოფლის ცენტრში საერთაშორისო ტვირთის გადამზიდავი სატვირთო სოფლის მკვიდრს, 7 წლის გოგონას დაეჯახა.
ბავშვი თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ვაზუსტებთ.