ახალქალაქი-კარწახის გზის ცუდი მდგომარეობა უარყოფითად აისახება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელთა ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ძნელად სავალი გზის გამო ადამიანებს სამუშაოს პოვნა უჭირთ, კარგავენ შემოსავლის წყაროებს, ამ მიმართულებით ტაქსით მგზავრობა კი სულ უფრო ძვირდება. ზოგიერთი მძღოლი შეკვეთის მიღებაზე საერთოდ უარს ამბობს.
ახალქალაქიდან კარწახამდე მანძილი დაახლოებით 30 კილომეტრია. ადრე მძღოლები ამ გზას 30-35 წუთში ფარავდნენ. ახლა კი ამ მიმართულებით ტაქსები თითქმის აღარ დადიან: კლიენტის მისამართის გაგონებისთანავე მძღოლები შეკვეთას აუქმებენ. კერძო ტაქსის მძღოლები ან მაშინვე უარს ამბობენ მგზავრობაზე, ან მნიშვნელოვნად გაზრდილ ფასს ასახელებენ.
ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბილინგვური სწავლების მასწავლებელმა, ლენა ი.-მ სოფელ ვაჩიანის სკოლაში გასაუბრებაზე დროულად მისვლა ვერ შეძლო. ერთი საათის განმავლობაში ის ტაქსის პოვნას ცდილობდა, თუმცა ყველა მძღოლი შეკვეთაზე უარს ამბობდა. შედეგად, ქალმა გასაუბრებაზე დააგვიანა, მასში მონაწილეობა ვერ მიიღო და სოფელ ვაჩიანის სკოლაში დასაქმების შესაძლებლობა დაკარგა.
„სოფელ ვაჩიანის სკოლაში მუშაობის დაწყებაზე განაცხადი შევიტანე. დადგა გასაუბრების დღეც. იმ დღეს ტაქსის გამოძახება დანიშნულ დრომდე ერთი საათით ადრე დავიწყე. ადგილზე 12 საათისთვის უნდა ვყოფილიყავი, ამიტომ მანქანის ძებნას უკვე 11 საათზე შევუდექი. შვიდი ტაქსი გამოვიძახე; მძღოლები ჯერ იღებდნენ შეკვეთას, მაგრამ შემდეგ მგზავრობაზე უარს ამბობდნენ. საბოლოოდ, შვიდივე ტაქსიმ უარი თქვა, გასაუბრების დრომ კი ჩაიარა. მასში მონაწილეობა ვერ მივიღე და, ბუნებრივია, სამსახურის დაწყების შესაძლებლობაც დავკარგე “, — ჰყვება ლენა ი.
ქალის თქმით, ეს სამსახური მისთვის მნიშვნელოვანი იყო: გრაფიკი აწყობდა, სოფელი ახლოს მდებარეობდა, დამატებითი შემოსავალი კი ოჯახის ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნებოდა.
ცუდი გზა პრობლემებს უქმნის არა მხოლოდ სატვირთო ავტომობილების მძღოლებსა და ამ მარშრუტის გასწვრივ მდებარე დასახლებული პუნქტების მაცხოვრებლებისთვის, არამედ თავად ახალქალაქის მოსახლეობასაც. მიმდებარე სოფლების სკოლებში ათობით მასწავლებელი მუშაობს, რომლებიც ახალქალაქში ცხოვრობენ. ამავე გზით დადიან ყოველდღიურად სამსახურში კარწახის საბაჟოს თანამშრომლებიც.
ამგვარად, გზის მდგომარეობა პირდაპირ აისახება ბევრი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მათ დამატებით ფინანსურ სირთულეებსა და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას უქმნის.
ცუდი გზის გამო სოფელ სულდის მაცხოვრებელმა, გარიკ მუსიკიანმაც ეკონომიკური ზარალი განიცადა. მან მოსავლის ასაღებად მუშების პოვნა ვერ შეძლო, რის შედეგადაც კარტოფილი მინდორში თოვლის ქვეშ დარჩა და გაიყინა.
„კარტოფილი მიწაში დარჩა. მუშები ერთი დღით მოდიოდნენ, შემდეგ კი ცუდი გზის გამო მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობდნენ. ყოველ ჯერზე წვალებით მიწევდა ახალი ბრიგადის მოძებნა, მაგრამ ერთი დღის შემდეგ გზის მდგომარეობის გამო აღარც ისინი ბრუნდებოდნენ. საბოლოოდ, მთელი მოსავალი გაფუჭდა“, — ჰყვება გარიკ მუსიკიანი.
ამგვარად, სოფლის მაცხოვრებელთა მძიმე შრომა წყალში ჩაიყარა: მთელი წლის ნამუშევარი მოსავლის დაკარგვასა და სერიოზულ ფინანსურ ზარალში გადაიზარდა.
და ეს მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევაა. ადგილობრივების თქმით, გზის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები ბევრ ადამიანს ეხება და პირდაპირ აისახება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელთა ეკონომიკაზე.
მ. ე. სამი წლის განმავლობაში მუშაობდა მასწავლებლად სოფელ ვაჩიანის სკოლაში, თუმცა მას შემდეგ, რაც გზა პრაქტიკულად გაუვალი გახდა, სამსახურის მიტოვება მოუწია. მისი თქმით, ტაქსის ღირებულების მკვეთრი მატების გამო მგზავრობა ფინანსურად წამგებიანი გახდა. გარდა ამისა, ხანგრძლივმა და მძიმე მგზავრობამ უარყოფითად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე.
„ფინანსური თვალსაზრისით, სამუშაო ჩემთვის წამგებიანი გახდა. ადრე გზაში 10 ლარს ვიხდიდი და 10 წუთში მივდიოდი. მოგვიანებით ტაქსის მძღოლებმა 20, შემდეგ კი 30 ლარის მოთხოვნა დაიწყეს, გზაში გასატარებელი დრო კი 40 წუთამდე გაიზარდა. მძღოლებს ამ მიმართულებით წასვლა არ უნდოდათ და მგზავრობის ღირებულებას მუდმივად ზრდიან. გარდა ამისა, ცუდი გზის გამო ჯანმრთელობა გამიუარესდა: თავი მტკივოდა, გულისრევის შეგრძნება მქონდა, ცუდად ვხდებოდი, წნევა მიწევდა. როდესაც სკოლამდე მივდიოდი, უკვე ნორმალურად მუშაობა აღარ შემეძლო“, — ჰყვება მ. ე.
თავად ტაქსის მძღოლებიც ადასტურებენ, რომ ამ მიმართულებით მგზავრობის ღირებულება გაიზარდა. თუმცა, მათი თქმით, ტარიფების ზრდა დაკავშირებულია გზის ცუდი მდგომარეობით გამოწვეულ ავტომობილების მუდმივ დაზიანებებთან. ზოგიერთი მძღოლი ამ მარშრუტზე მგზავრობაზე შეთავაზებული თანხის მიუხედავად, საერთოდ ამბობს უარს.
„მე მართლაც ვამბობ უარს ამ მიმართულებით შეკვეთებზე, რადგან ყოველი მგზავრობის შემდეგ მანქანაზე რაღაც ფუჭდება. გარდა ამისა, თვითონაც მიჭირს ასეთ გზაზე ტარება. იქ არავითარი ფულის სანაცვლოდ არ წავალ“, — ამბობს ერთ-ერთი ტაქსისტი.
აღსანიშნავია, რომ მძღოლები შეკვეთების მიღებაზე უარს ამბობენ არა მხოლოდ ახალქალაქი-კარწახის გზის გასწვრივ მდებარე სოფლებში, არამედ სამხედრო ქალაქის მიმართულებითაც, რომელიც ასევე ამავე გზაზე მდებარეობს.
მაცხოვრებელთა ისტორიები ცხადყოფს, რომ გზის ცუდი მდგომარეობა მხოლოდ გადაადგილების პრობლემა არ არის. ის ზღუდავს დასაქმების შესაძლებლობებს, ართმევს ადამიანებს დამატებით შემოსაველს, ხელს უშლის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და ოჯახებისთვის დამატებით ხარჯებს ქმნის. საბოლოოდ, გაუვალი გზის შედეგები მთელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე აისახება.
ახალქალაქი-კარწახის გზა უკვე რამდენიმე წელია, მოუგვარებელ პრობლემად რჩება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის და სატრანზიტო სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის. გზის რეაბილიტაცია უკვე რამდენიმე წელია, განიხილება და იგეგმება, თუმცა რეალურად ჯერ არ დაწყებულა.
სასოწარკვეთილებამდე მიყვანილი მოსახლეობა პრობლემაზე ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად გზა ორჯერ დაკეტეს. ისინი მიმართავდნენ შესაბამის დეპარტამენტს და პრემიერ-მინისტრსაც კი, თუმცა საკითხის მოსაგვარებლად რეალური ნაბიჯები ჯერ არ მომხდარა. კონკრეტული ქმედებების ნაცვლად, ხალხი ისევ დაპირებებს ისმენს.
ადგილობრივები აღიარებენ, რომ უკვე აღარ იციან,ვის ან სად მიმართონ და ვის კარზე დააკაკუნონ, რათა მიაღწიონ იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც წლების განმავლობაში ართულებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას და ზიანს აყენებს მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას.