რეგიონულ საავადმყოფოებში კადრების დეფიციტის პრობლემა სამედიცინო დაწესებულებებს უბიძგებს, დააფინანსონ ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული ზრდა და გადაუხადონ სწავლის საფასური რეზიდენტურის სტუდენტებს იმ პირობით, რომ ისინი კონკრეტულ რეგიონებში დაბრუნდებიან. წელს განახლდა თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც 2024 წელს შეწყდა. დღეისათვის ახალქალაქის რაიონული საავადმყოფო 4 რეზიდენტის სწავლას აფინანსებს.
თითოეული სამედიცინო სპეციალისტის უკან დგას სწავლის წლები, უძილო ღამეები, კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება, პრაქტიკა და ისეთი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა, რომლებზეც ზოგჯერ ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული. სამედიცინო სფეროში არსებობს რიგი სპეციალობებისა, რომლებზე ჩაბარებასაც მაღალი კონკურენცია ახლავს თან. როგორც სტუდენტი-მედიკოსები აღიარებენ, მათ შორისაა — ოფთალმოლოგია, რადიოლოგია, დერმატოლოგია, გასტროენტეროლოგია და სხვა მოთხოვნადი მიმართულებები. ამ პროგრამებზე მოსახვედრად მომავალ ექიმებს ხშირად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულების დაგროვება სჭირდებათ.
ამასთან, რეზიდენტურაში სწავლა მოითხოვს არა მხოლოდ კარგ აკადემიურ მომზადებას, არამედ ფინანსურ შესაძლებლობებსაც. საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ცალკეულ სამედიცინო სპეციალობებზე სწავლის ღირებულება 150 ლარიდან იწყება. კერძო უნივერსიტეტებში საფასურს თითოეული სასწავლო დაწესებულება დამოუკიდებლად განსაზღვრავს. რეზიდენტურის ხანგრძლივობაც არჩეულ სპეციალობაზეა დამოკიდებული და შესაძლოა ორიდან ოთხ წლამდე ან მეტხანს გაგრძელდეს.
კვალიფიციური სამედიცინო კადრების მომზადება რეგიონული ჯანდაცვის სისტემის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობად რჩება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ახალგაზრდა ექიმების მხარდაჭერას, რომლებიც მოთხოვნად სამედიცინო სპეციალობებს ირჩევენ და მზად არიან, პროფესიული საქმიანობა რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებებში გააგრძელონ. ერთ-ერთი ასეთი სპეციალისტია ექიმი კარუშ გასპარიანი, რომელიც რეზიდენტურას „ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის“ სპეციალობით გადის. სწავლის დასრულების შემდეგ ის ვალდებულია, ახალქალაქის ჰოსპიტალში იმუშაოს.
„რეზიდენტურის დასრულების შემდეგ, კონტრაქტის შესაბამისად, ვალდებული ვარ, ოთხი წელი ახალქალაქის საავადმყოფოში ვიმუშაო. „ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის“ სპეციალობით სწავლა სამი წელი (33 თვე) გრძელდება. პროგრამა ითვალისწინებს კლინიკის მხრიდან 50%-იან თანადაფინანსებას, ხარჯების დარჩენილ ნაწილს კი თავად ვიხდი. სწავლის საფასური თვეში 800 ლარს შეადგენს. ადრე რეზიდენტურის დაფინანსების პროგრამა შეწყვეტილი იყო, თუმცა, შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, გამონაკლისის სახით დაფინანსების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს“, — განმარტავს ის.
სპეციალობების მიხედვით რეზიდენტურის ფასები განსხვავებულია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაწესებულებებში. მართალია, ბევრ სპეციალობაზე სახელმწიფო გადასახადი გაცილებით დაბალია, თუმცა სახელმწიფო პროგრამაზე ჩაბარება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული: ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, კონკურსი კი — საკმაოდ მაღალი.
ახალქალაქის ჰოსპიტლის მენეჯერის, ალექსან თოროიანის თქმით, კლინიკამ კვლავ დაიწყო ახალგაზრდა სპეციალისტების მხარდაჭერა და მათ რეზიდენტურაში სწავლის საფასურს უხდის. ამ ეტაპზე ასეთი შესაძლებლობა ჯავახეთიდან ოთხმა სტუდენტმა მიიღო. ამასთან, სპეციალობების შერჩევა სამედიცინო დაწესებულების საკადრო საჭიროებების გათვალისწინებით ხდება. ახალგაზრდა ექიმებს მიმართულების არჩევა დამოუკიდებლადაც შეუძლიათ, თუმცა პრიორიტეტი იმ სპეციალობებს ენიჭება, რომლებიც კლინიკას განსაკუთრებით სჭირდება.
„გარკვეულ პერიოდში კლინიკამ შეწყვიტა რეზიდენტურაში სწავლის დაფინანსება და ეს ვალდებულება თავად მედიკოსებს დააკისრა. შედეგად, ექიმები რეზიდენტურაში სწავლის საფასურის გადახდას ვეღარ ახერხებდნენ და იძულებულნი ხდებოდნენ, სწავლა შეეწყვიტათ. თუმცა, ჩვენ ეს პრაქტიკა განვაახლეთ. ახლა ჯავახეთიდან ოთხი სტუდენტი გვყავს, რომელთა რეზიდენტურაში სწავლასაც კლინიკა აფინანსებს. ამასთან, სპეციალობებს თავად ვთავაზობთ. რა თქმა უნდა, მათ სხვა მიმართულებების არჩევაც შეუძლიათ, თუმცა მათი არჩევანი ჩვენი კლინიკის საკადრო საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს. ისინი „ანესთეზიოლოგიის“, „რეანიმატოლოგიისა“ და „გადაუდებელი მედიცინის“ სპეციალობებზე სწავლობენ. მათ სწავლა ახლახან დაიწყეს, მაგრამ კლინიკაში თვეში მინიმუმ ოთხ-ხუთჯერ უკვე მორიგეობენ. შემდეგ სასწავლებლად მიდიან, რის შემდეგაც კვლავ სამუშაოს უბრუნდებიან. ამგვარად, ისინი პარალელურად განათლებასაც იღებენ და პაციენტებთანაც მუშაობენ“, — ამბობს ახალქალაქის ჰოსპიტლის მენეჯერი ალექსან თოროიანი.
კლინიკაში ასევე არსებობს ნევროპათოლოგისა და ნეფროლოგის საჭიროება, ხოლო რევმატოლოგზე — მწვავე მოთხოვნაა.
მსგავსი ინიციატივა მიმართულია არა მხოლოდ ახალგაზრდა სპეციალისტების მხარდაჭერისკენ, არამედ რეგიონული ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემის — კვალიფიციური სამედიცინო კადრების დეფიციტის გადაჭრისკენ. რეზიდენტების მხარდაჭერა, განსაკუთრებით რეგიონებიდან, შესაძლოა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდა ექიმებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მიეცეთ, სამედიცინო დაწესებულებებმა კი სპეციალისტების ნაკლებობა ეტაპობრივად შეავსონ.