ახალქალაქის გასასვლელში, მუნიციპალიტეტის სოფლების მხარეს არსებული ბანერი უთითებს ბორჯომისა და ბაკურიანისკენ. რადგან ახალქალაქში მიმავალი გზის მხრიდან არ არის საგზაო ნიშანი, ბევრი მძღოლი ახალქალაქის სოფლებში ხვდება და გზა ებნევათ. როგორც აღმოჩნდა ბანერის დამონტაჟებაში კომპანია არ არის დამნაშავე, მან პროექტის მიხედვით დაამონტაჟა.
საქმე იმაშია, რომ ახალქალაქის სოფლების გავლით ბორჯომსა და ბაკურიანში მოხვედრა შესაძლებელია, ამ გზას ასეც ეწოდება – ახალქალაქი-ბორჯომი-ბაკურიანის გზა, მაგრამ რთულია, გზა ჯერ არ არის რეაბილიტირებული და არ გამოიყენება. ეს გზა შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და გამოიყენება, როგორც შიდა მუნიციპალიტეტის გზატკეცილი. ამიტომ ბანერი არასწორად არის დამონტაჟებული.
ახლა, როცა ახალქალაქის გავლით სატვირთო მანქანების ნაკადი გაიზარდა, რადგან რუსეთის ნაცვლად, დიდი მოძრაობა საქართველოზეა, ეს საკითხი უფრო აქტუალური გახდა. სატვირთო მანქანები, ბანერზე მაჩვენებლის მიხედვით მიდიან და სოფლებისკენ გზას ადგებიან, ანუ არასწორი მიმართულებით მოძრაობენ და მხოლოდ კარგი ადამიანების რჩევის წყალობით ბრუნდებიან უკან. აქ კიდევ სხვა პრობლემაა, გზა ძალიან ვიწროა, სატვირთო მანქანები ხშირად ხვდებიან გზის კიდეებზე არსებულ ორმოებში, რაც საავარიო ვითარებას ქმნის.
აბრა დაამონტაჟა კომპანიამ “საგზაო-სამშენებლო განყოფილება No1”, რომელმაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში 5 744 000.00 ლარის ოდენობით გაიმარჯვა. როგორც კომპანიის დირექტორი შოთა აბულაძე ამბობს, ბანერი პროექტის მიხედვით დაამონტაჟეს და არაფრის შეცვლას არ აპირებენ, რადგან მათთვის არავის მიუმართავს.
ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი ამბობს, რომ ამ აბრის საკითხი საგზაო დეპარტამენტს ეხება. ისინი ამბობენ, რომ სწორად დაამონტაჟეს, თუმცა მერიამ ცვლილებების შეტანის თხოვნით უკვე მიმართა.
„ამ მიმართულებით, ცოტა ქვემოთ, გვინდა ახალი ნიშანი დადგეს, რათა მძღოლებმა გაიგონ, რომ ეს არის ცენტრალური გზა, ხოლო ბანერზე მითითებული სხვა მიმართულება არის მოკლე გზაა. საგზაო დეპარტამენტს ახალქალაქში მარტო ეს საკითხი არ აქვს მოსაგვარებელი, ასევე გზის შეკეთება და სხვა, ჩვენ უკვე შევავსეთ შესაბამისი დოკუმენტაცია და მივმართეთ. ეს ყველაფერი პროცესშია“.