დღეს, 27 აპრილს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ახალქალაქში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში ელჩმა პირველი შეხვედრა ჯავახეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართა.
“მადლობა იმისთვის, რომ თქვენს შესანიშნავ რეგიონში მიმიღეთ. პირველად ვარ ახალქალაქში. დღეს შევხვდი სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებს. ეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები იყო. თქვენი რეგიონის განვითარების პერსპექტივებზე ვისაუბრეთ. იმის შესახებ, თუ რა პრობლემებს აწყდებით. განვიხილეთ იაპონიასა და თქვენს რეგიონს შორის თანამშრომლობის საკითხები. ვეძებეთ იაპონური მხარის დახმარებით სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების გზები. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო”, – განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში, იმამურა აკირამ.
ვიზიტის ფარგლებში ელჩი გახსნის “ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის ნაგვის მანქანის მიწოდების პროექტს”, რომელიც შეძენილია იაპონიის საელჩოს GGP-ის (Grassroots Human Security Grant Program) დახმარებით. 56 000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტით ნაგვის შეგროვების პრობლემა 9 სოფელში მოგვარდა.
პროექტის გახსნის გარდა, რომელსაც, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან, ელჩი იმამურა ახალქალაქის სომხური და ქართული ეკლესიების სასულიერო პირებთან შეხვედრას გეგმავს. ვიზიტის ფარგლებში ახალქალაქის ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახულება იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ GGP-ის (Grassroots Human Security Grant Program) დახმარებას უწევს შედარებით მცირე პროექტებს და მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უსაფრთხოების გაუმჯობესებას შემდეგ პრიორიტეტულ სფეროებში: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება.
1998 წლიდან, მარტო GGP-ის ფარგლებში იაპონიის მთავრობამ 200-ზე მეტი პროექტი განახორციელა, რომელთა საერთო ღირებულება 25 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.