ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები გადახდების სისტემების კომპანია „მირთან“ არ თანამშრომლობენ.
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს.
ამასთან, ბანკის ინფორმაციით, საგადახდო სისტემების კომპანია „მირი“ თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც ბანკის შეფასებით შესაძლოა, არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს.
„რაც შეეხება ქართული კომპანიის თანამშრომლობის საკითხს, აღნიშნულის შეფასება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას. საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს უკვე მისცა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.