საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი დღეს, 8 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ის ნინოწმინდაში იმყოფებოდა, შემდეგ კი ახალქალაქში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს” ოფისში გაიმართა.

ბრიტანეთის ელჩის ვიზიტის მიზანი იყო ახალქალაქში ეროვნული უმცირესობის ინტეგრაციის პროცესს გასცნობოდა. ვიზიტის ფარგლებში მარკ კლეიტონი ახალქალაქის ვიზიტორთა ცენტრს ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “ღია საზღვრების” თანადამფუძნებელი, რიმა ღარიბიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვნული საქართველოს” სამოქალაქო მოძრაობის კოორდინატორი ახალქალაქში, ვაღარშაკ შახბეკიანი, ტელეკომპანია ATV12-ის დირექტორი ვალიკ ქთოიანი, ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი შორენა თეთვაძე, “ადგილობრივი განვითარების ჯგუფის” – LAG-ის წევრი, სერგეი შახბეკიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ხოდოს” დირექტორი, სამველ ხოდიკიანი.

დისკუსიის დროს მონაწილეებმა ისაუბრეს ახალქალაქში ინტეგრაციის პროცესზე, გამოთქვეს მოსაზრებები ძირითად მიღწევებზე, ასევე, სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე არსებულ პრობლემებზე. დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მონაწილეებს დაუსვა მისთვის საინტერესო კითხვები, ასევე სთხოვა უფრო დეტალურად მოეყოლათ ახალქალაქში არსებული ვითარების, პრობლემების ხედვისა და პერსპექტივების შესახებ.

IMG_6122