2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ოპოზიციის მხრიდან ამ დროისთვის მერობის კანდიდატი მხოლოდ პარტია “ევროპულმა საქართველომ” დაასახელა. ის არსენ კარაპეტიანია. JNEWS-ი მერობის ყველა კანდიდატის შესახებ გამოაქვეყნებს ინფორმაციას – მათ მიერ განვლილი პოლიტიკური გზისა და გამოცდილების, მათ სახელზე დარეგისტრირებული ქონების შესახებ.
არსენ კარაპეტიანი დაიბადა ახალქალაქში, 1982 წელს. არსენს 2 უმაღლესი სასწავლებელი აქვს დამთავრებული: ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, “სისხლის სამართლის” სპეციალიზაციით და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი “სამართალმცოდნეობის” სპეციალობით. ჰყავს მეუღლე და 3 ბავშვი (2 ვაჟი და 1 გოგონა).
მუშაობის გამოცდილება – პოლიტიკა
ჯარში სამსახურის შემდეგ, კარაპეტიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროში (სუს-ი) მუშაობდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2003-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს ანტიკორუფციული უსაფრთხოების სისტემაში. 2007-2013 წლებში ხელმძღვანელობდა ნინოწმინდის პოლიციის განყოფილებას. დღეს ის არის კერძო მეწარმე. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი. შემდეგ გახდა “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ჯავახეთში, წარდგენილი იყო დეპუტატობის კანდიდატად, როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივ არჩევნებში. 2020 წელს დასახელდა მაჟორიტარულ კანდიდატად პარტია „ევროპული საქართველოდან“.
”ადამიანმა უნდა იბრძოლოს არა თანამდებობისთვის, არამედ ცვლილებისთვის. მთავარი მესიჯი ის არის, რომ მინდა ცვლილებები მთელს რეგიონში. არა ჩემთვის, რომ უზრუნველვყოთ საკუთარი თავი თანამდებობითა და ხელფასით”, – ამბობს არსენ კარაპეტიანი.
ბიზნესი
ღია მონაცემთა ბაზის რესურსებიდან გამომდინარე, არსენ კარაპეტიანი რეგისტრირებულია, როგორც ორი არაკომერციული იურიდიული პირის დირექტორი – ახალქალაქის კლუბი “Off Road”-ი და ახალქალაქის რაიონის სოფელ ბავრას დემოკრატიული მმართველობის განვითარების ფონდი. ერთ ორგანიზაციაში ის არის თავმჯდომარე, მეორეში – გენერალური დირექტორი. სხვა ბიზნესი, ან მეწარმეობა ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული.
ქონება
არსენ კარაპეტიანმა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია ბოლოს 2013 წელს შეიტანა. ახალქალაქში, თუმანიანის ქუჩის N34-ში, მის სახელზეა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი 440 კვ / მ, რომელიც საჩუქრად მიიღო. საქართველოს უძრავი ქონების რეესტრში ეს ნაკვეთი აღინიშნება, როგორც საქართველოს სოციალური დაზღვევის ეროვნული სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალის ოფისი. ასევე, მასზეა რეგისტრირებული შემოწირულობის შედეგად მიღებული უძრავი ქონება: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში 2000 კვ / მ სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწა.
”ისევე, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეების, ჩემს სახელზე ავტომობილია რეგისტრირებული. ასევე, იარაღი, როგორც ყოფილი ჯარისკაცი და მონადირე. მიწის ნაკვეთი მაქვს. არის რაღაცეები, რისთვისაც გულწრფელად ვმუშაობდი და ჩემს ასაკში მივაღწიე. ყველაფერი დეკლარაციებსა და რეესტრში გვხვდება”, – ამბობს ის.
პრიორიტეტები
პარტია “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატის, არსენ კარაპეტიანის თქმით, სურვილის შემთხვევაში, მოსახლეობის მიერ არჩეულ მერს ყველა პრიორიტეტის რეალიზება შეუძლია.
”სოფელ ტურცხის მაგალითზე. მოსახლეობას არა მხოლოდ სასმელი წყალი არ აქვს, არამედ პირუტყვისთვისაც არ აქვთ წყალი. რამდენად სარკასტულადაც არ უნდა ჟღერდეს, თევზებიც წყლის გარეშე დარჩნენ. ეს ყველაფერი არის უყურადღებობა და კორუფცია. არ მჯერა, რომ ადამიანს, ვინც არჩევნებში მოსახლეობის ხმებით მოიგო, პრობლემის მოგვარება არ შეუძლია. მილიონი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ის, რაც აუცილებელია ჰავეტისთვის შეიძლება არ იყოს მნიშვნელოვანი ტურცხისთვის და პირიქით. ზემოთ მოყვანილი მაგალითის მსგავსად შემიძლია დავასახელო ბევრი სხვა სოფელი, რომლებსაც ყოველი ახალი ძალა, თითოეული კანდიდატი რაღაცის გაკეთებას ჰპირდება და არ აკეთებს ამას. ჩვენ გვაქვს პრობლემები წყალთან, მიწის პრივატიზაციასთან დაკავშირებით. არის პრობლემები, რომლებიც მწყემსებს უკავშირდება. პრობლემაა ისიც, რომ კომპანიები იმარჯვებენ ტენდერებში და ადგილობრივ მოსახლეობას ივიწყებენ. მერი შეიძლება არ წყვეტს ზოგიერთ საკითხს, მაგრამ შეუძლია მათი წამოჭრა”, – ამბობს არსენ კარაპეტიანი.