ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს, 7 ივნისს განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრების გახსნას უკვე მოჰყვა შედეგი, რაც ტურისტების ზრდაში გამოიხატება. მისივე თქმით, ბათუმი-ერევნის მიმართულებით მატარებლის მოძრაობის აღდგენა იგეგმება, რაც შავი ზღვის კურორტებისთვის მნიშვნელოვანია.
“ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მივიღეთ და სახმელეთო საზღვრები გავხსენით. ამან პირველი შედეგები მოგვცა მომატებული ტურისტული ნაკადების სახით მეზობელი ქვეყნებიდან. აღდგა სარკინიგზო მიმოსვლა სომხეთსა და საქართველოს შორის და უკვე 15 ივნისს პირველი მატარებელი ერევანი-ბათუმი დაიძრება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოდან ტურისტები ჩამოვლენ და ესტუმრებიან საქართველოს, ჩვენს შავი ზღვისპირა კურორტებს, ჩვენს დედაქალაქსა და სხვა ტურისტულ ადგილებს,” — ამბობს თურნავა.
მისივე თქმით, თურქეთთან არსებული სახმელეთო საზღვრიდანაც მოქალაქეების შეუფერხებლად შემოსვლა მიმდინარეობს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, რომელიც ასევე დიდი კონტრიბუტორი იყო საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის, როგორც თურნავა ამბობს, ისინი ჯერ კიდევ მუშაობენ საკუთარი მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლისა და მათი დაბრუნების წესებზე და იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანი მალე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.
პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გაიხსნა. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR ტესტის უარყოფითი პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი.