საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლება და მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია განხორციელდება.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა რეკრეაციული ზონები და რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება.
„მე მინდა წარმოგიდგინოთ ახალი ინიციატივა. ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას, ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციასა და მშენებლობას, ასევე, ყველა ქალაქის, ყველა მუნიციპალიტეტების კურორტებისა და დასახლებების ურბანულ განახლებას. პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ახალი დასასვენებელი, ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები. საქართველოში რა თქმა უნდა, უამრავი ადგილია, რომელიც უნდა გახადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი ჩვენი მოქალაქეებისთის და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის. ქვეყნის რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი მოქალაქეებისთის ადგილზე ცხოვრების, შრომისა და განვითარების პირობების გაუმჯობესება სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა გახდეს,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ პროგრამის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონი ლარი იქნება და პროექტის ფარგლებში დაახლოებით, 15 000 ადამიანი დასაქმდება.
„რეგიონების განახლების პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება შეადგენს 500 მილიონ ლარს. პროექტი ითვალისწინებს პირველ რიგში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის ფარგლებში და დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. ასევე მინდა გითხრათ, რომ პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები აპრილში, ამ კვირაში გამოცხადდება და 63 მუნიციპალიტეტში ჩვენ ალბათ, ივნისიდან დავიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს. ამ პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებს განახორციელებენ რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი და ასევე, მუნიციპალიტეტები. პროგრამის დაფინანსება მოხდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით. პროგრამაში და პროექტში ჩაერთვება ყველა საუკეთესო არქიტექტორი, რა თქმა უნდა, ყველა რაიონის და ყველა მუნიციპალიტეტის იქ ადგილზე არსებული ავთენტურობის შენარჩუნებით და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან ძლიერი დასაწყისი იმისა, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის მთლიანად მასშტაბური განახლება. ჩვენ მაქსიმალურად ახალი სტანდარტი უნდა დავამკვიდროთ ყველგან და თანაბრად ყველა მუნიციპალიტეტში, ახალი ევროპული სტანდარტი, რომელიც შეცვლის მთლიანად ჩვენი ქვეყნის საერთო სურათს. ახლა ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება, მეტი საქმე, მეტი შრომა და მოსახლეობის გვერდში დგომა და დახმარება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.