საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობა მოულოცა. „ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გახარია წერს, რომ საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს.
„ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას“, – წერს გიორგი გახარია.
პრემიერმა ვიცე-პრეზიდენტობა მიულოცა კამალა ჰარისს. „კამალა ჰარისს ვულოცავ ისტორიულ მიღწევას და აშშ-ის ისტორიაში პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნას. შეერთებული შტატები საქართველოს განსაკუთრებული მეგობარია და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით”, – აღნიშნა გახარიამ.
20 იანვარს, ვაშინგტონში, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართა. კორონავირუსის პანდემიის გამო, გაუქმდა ტრადიციული მასობრივი ღონისძიებები, ხოლო საპროტესტო აქციების შიშით, გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები. ცერემონიაზე ფიცი დადო კამალა ჰარისმაც, რომელიც გახდა შეერთებული შტატების პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი.
საქართველოს მაღალჩინოსნებმა ერთ-ერთმა პირველებმა მიულოცეს ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება – 2020 წლის 8 ნოემბერს, ხმების დათვლის დასრულებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე. ბაიდენის არჩევნებში გამარჯვება, ოფიციალურად 14 დეკემბერს დადასტურდა, საყოველთაო არჩევნების ძირითადი დღიდან ზუსტად 41 დღის შემდეგ. ბაიდენის გამარჯვება დაადასტურეს 538 საარჩევნო კოლეგიის წევრებმა.