სოფელ ხანდოში უკვე მრავალი წელია განიხილებოდა სპორტული დარბაზის ან ახალგაზრდული ცენტრის აუცილებლობის საკითხი. 2021 წელს სპორტდარბაზის მშენებლობა საბოლოოდ დაიწყო, მშენებლობა გაგრძელდა 2024 წელსაც, თუმცა ის დღემდე არ დასრულებულა. Jnews-მა დაინტერესდა, რა ეტაპზეა მშენებლობა და როდის დასრულდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოში სპორტდარბაზის მშენებლობაზე ბოლო ტენდერი 2025 წლის დეკემბერში შედგა, თუმცა სამუშაოები 2026 წელს დაიწყო. 2025 წელს მერიამ სოფელ ხანდოში სპორტული დარბაზის მშენებლობაზე ტენდერი სამჯერ გამოაცხადა, მეოთხეჯერ კი ის საბოლოოდ შედგა. ტენდერში ინდივიდუალურმა მეწარმემ, ზოია ამაზარიანმა გაიმარჯვა.
ინდივიდუალურმა მეწარმემ უკვე ჩაატარა შიდა და გარე შელესვის სამუშაოები, დამონტაჟდა გისოსები, დაიგო ქვაფენილი, შესრულდა შიდა სამუშაოები დიდ დარბაზში, გაიყვანეს გათბობის სისტემა, აშენდა ტუალეტი და შენობაში ასევე მოეწყო გასახდელი. ამჟამად მიმდინარეობს იმ კიბის მშენებლობის პროცესი, რომელიც მეორე სართულზე ასასვლელად არის განკუთვნილი.
მშენებლისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დარჩენილია მცირედი სამუშაოები და ობიექტის ჩაბარება 10 ნოემბრამდე იგეგმება.
„დარჩენილია შენობის გარედან შეღებვა, ქვაბის დამონტაჟება და ჩართვა. ენერგოკომპანიამ აბონენტად უნდა აყვანოს და მიუერთოს. კიბის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, დარჩა მისი შეღებვა. 3-4 დღის სამუშაოღა დარჩა, ველოდები წვიმების შეწყვეტას, რომ კედლის გარედან შეღებვა დაიწყოს, ასევე დარჩენილია მცირედი სამუშაოები“, – განაცხადა ინდივიდუალურმა მეწარმემ ამაზარიანმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოში სპორტდარბაზი 2021 წელს აშენდა.
მშენებლობა დაიწყო პროგრამა „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ (სმპ) სახსრებით, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მშენებლობის დასასრულებლად გაცილებით მეტი ფინანსები იყო საჭირო, რადგან სმპ-ის ფარგლებში გამოყოფილი თანხები ასეთი მშენებლობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სმპ-ის სახსრებით მაშინ საძირკველი ჩაასხეს და საყრდენი ბოძები დადგეს.
2024 წელს სოფელ ხანდომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარზე მეტი მიიღო და სმპ-ის 20 000 ლართან ერთად სპორტდარბაზის სახურავი მოეწყო. 2025 წელს ადგილობრივმა ბიუჯეტმა 271 598 ლარი გამოყო, ტენდერი 2025 წლის დეკემბერში შედგა, თუმცა სამუშაოები 2026 წელს დაიწყო.
სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოები ორ წელიწადზე უნდა განაწილებულიყო: 2025 წელს – 120 000 ლარი, 2026 წელს – 151 598 ლარი. სამუშაოების შესრულების ვადამ 150 დღე შეადგინა: 2025 წელს – 15 დღე, 2026 წელს – 135 დღე, 1 მაისიდან მოყოლებული.