ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას არ აფინანსებს, თუმცა მოქალაქეების მხარდასაჭერად 38 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას არ აფინანსებს, თუმცა მოქალაქეების მხარდასაჭერად 38 მილიონ ევროს გამოყოფს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ახალ პროექტებზე 38 მილიონი ევრო დაიხარჯება და აღნიშნა, რომ ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განაგრძობს „საქართველოს მოსახლეობის“ მხარდაჭერას.

აღნიშნული დაფინანსების შესახებ პირველად ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ 10 ოქტომბერს ისაუბრა. მისი თქმით, პროექტები მიზნად ისახავს სოფლის განვითარების, ბიზნესის, ქალთა გაძლიერებისა და გარემოს დაცვის ხელშეწყობას. მან იმედი გამოთქვა, რომ „მიმდინარე გამოწვევების მიუხედავად“, მათი ხელმოწერა წლის ბოლომდე მოხერხდება.

მოგვიანებით, 16 ოქტომბერს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ეს პროექტები „განაგრძობს რეალური, დადებითი ცვლილებების განხორციელებას ოჯახებისა და თემებისთვის მთელ საქართველოში“.

პროექტების მიმართულებებია პატარა ქალაქებსა და დაბებში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა; ცვალებადი შრომის ბაზრის შესაბამისი უნარების განვითარება; სოციალურ-ეკონომიკური განვითარება სოფლებსა და რეგიონებში, ამ პროცესებში ქალების ჩართულობით; ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება და სურსათის ხარისხის ამაღლება; ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა; უსაფრთხო და ორგანიზებული მიგრაციის ხელშეწყობა; კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნა; და აფხაზეთში მცხოვრები თემების მხარდაჭერის გაგრძელება.

„საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას“, – ნათქვამია განცხადებაში.

წარმომადგენლობამ ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მრავალწლიან მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ 1992 წლიდან დღემდე ევროკავშირმა ქვეყანაში 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ისეთ სფეროებში, როგორიცაა „სოფლის მეურნეობის განვითარება, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში მხარდაჭერა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და სხვა მრავალ მიმართულებასთან ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის ხელშეწყობა“.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე