სომხეთი და აზერბაიჯანი „ტრამპის მარშრუტის“ ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ

სომხეთი და აზერბაიჯანი „ტრამპის მარშრუტის“ ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ

8 ოქტომბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციები ერთმანეთს სომხეთის ქალაქ გორისში შეხვდნენ, რათა „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის საკითხი განეხილათ. ბოლო პერიოდში სომხეთი რუსეთთან და თურქეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ელექტროენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის მიზნით.

ეს შეხვედრა ათწლეულების მანძილზე არსებული კონფლიქტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების კიდევ ერთი ნიშანია. აგვისტოში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია სომხეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყოს. ალიევის განმარტებით, სომხეთი საბჭოთა პერიოდის მეწამორის ატომური ელექტროსადგურის (აეს) ექსპლუატაციას განუსაზღვრელი ვადით ვერ გააგრძელებს, ხოლო სადგურის გაჩერების შემთხვევაში შესაძლოა ელექტროენერგიის დეფიციტის საფრთხე დაემუქროს.

ალიევის განცხადებას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ამჟამად სომხეთს ელექტროენერგიის ჭარბი მარაგი აქვს, თუმცა ეკონომიკის მზარდმა მოთხოვნებმა შესაძლოა მომავალში ერევანი ელექტროენერგიის იმპორტის აუცილებლობის წინაშე დააყენოს.

„ტრამპის მარშრუტი“, იგივე „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ნაწილია. პროექტი აზერბაიჯანს მის ექსკლავ ნახიჩევანთან სომხეთის ტერიტორიის გავლით დააკავშირებს.

მარშრუტმა უნდა მოიცვას სარკინიგზო ხაზი, საავტომობილო გზა, მილსადენები, ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურას და ციფრული მონაცემების გადაცემის ქსელები. ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანელმა სპეციალისტებმა სომხეთის ტერიტორიაზე წინასწარი კვლევები უკვე ჩაატარეს და ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენების განთავსებისთვის შესაძლო ადგილებიც გამოავლინეს.

მან ასევე დასძინა, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით ნახიჩევანში ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის განკუთვნილი გადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის დაწყება ახლავეა შესაძლებელი და მის დასასრულებლად მაქსიმუმ ექვსი თვე იქნება საჭირო.

ამავდროულად, სომხეთის მთავრობა ატომური ელექტროსადგურის მომავალთან დაკავშირებით საკუთარ მიდგომებს განიხილავს. მეწამორის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის მოქმედი ვადა 2036 წელს იწურება, თუმცა ფაშინიანმა თებერვალში განაცხადა, რომ მისი მუშაობის გაგრძელება 2046 წლამდე შეიძლება. სომხეთმა მანამდე გამოაცხადა, რომ მეტსამორის სადგურის ჩანაცვლებას მცირე მოდულური ატომური ელექტროსადგურით გეგმავს, რათა ენერგომომარაგების ერთი წყაროზე დამოკიდებულება შეამციროს.

თუმცა, როგორც ჩანს, ფაშინიანი აპირებს, გადახედოს მთავრობის ადრინდელ პოზიციას, რომლის მიხედვითაც სომხეთს უპირატესობა მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორისთვის უნდა მიენიჭებინა. მისი არგუმენტით, ხელოვნური ინტელექტის (AI) მონაცემთა ცენტრების მხრიდან ენერგიაზე მზარდი მოთხოვნის გამო, მოდულური ვარიანტის არჩევის შემთხვევაში სომხეთი შესაძლოა ელექტროენერგიის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს. სექტემბერში ფაშინიანმა ახალი ბირთვული ობიექტის მშენებლობის შესაძლებლობა რუსეთის სახელმწიფო ბირთვულ კორპორაცია „როსატომის“ გენერალურ დირექტორთან, ალექსეი ლიხაჩოვთან განიხილა.

ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიების მიზნით ერევანმა ოქტომბერში თურქეთთანაც დაიწყო მოლაპარაკებები გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენის შესახებ.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.

თეგები: სომხეთი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე