სატრანსპორტო საშუალებებისთვის ხმაურის დასაშვები ზღვარი შესაძლოა, 85-დან 100 დეციბალამდე გაიზარდოს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ფედერაციასთან ერთად მუშაობს და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, მოსახლეობა ქუჩებში სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჭარბი ხმაურის გამო ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას, რის გამოც გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.
„მოსახლეობა ხშირად გამოთქვამდა წუხილს იმის გამო, რომ არის ჭარბი ხმაური ქუჩებში, რაც გამოწვეულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით. ამის გამო მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ახლა ზღვარი არის 85 დეციბალი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს, მათ შორის შესაბამის ფედერაციასთან. იქიდან ინიციატივა არის 100 დეციბელზე ზღვრის გავლება.
აქტიურად ვმუშაობთ ამაზე და ვფიქრობთ, რომ იქნება გამოძებნილი სათანადო გადაწყვეტა, რაც დაბალანსებულად დააკმაყოფილებს ყველას ინტერესებს. ერთი მხრივ, ჭარბი ხმაურიც არ ვარგა, თუმცა, მეორე მხრივ, არის, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა ინტერესები და მათი ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული.
კიდევ ერთხელ, საუბარია 85-დან 100 დეციბალამდე ზღვრის აწევაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას და ძალიან მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ავტომობილებს ხმაურსაზომი მოწყობილობებით ამოწმებენ. რეგულაციის მიხედვით, ავტომობილის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში, 23:00-დან 08:00 საათამდე – 80 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.
რაც შეეხება სანქციებს, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონით დადგენილ ნორმას აღემატება, პირველ ჯერზე 100-ლარიან ჯარიმასა და მართვის მოწმობის 10 ქულის შემცირებას ითვალისწინებს.
დარღვევის განმეორების შემთხვევაში მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება და 20 ქულა ჩამოაკლდება, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო დარღვევისთვის გათვალისწინებულია 300-ლარიანი ჯარიმა და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 30-ით შემცირება.