პროფესიული განათლების პორტალზე – vet.ge – პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია ღიაა და 9 ოქტომბრამდე გაგრძელდება – ამის შესახებ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა იუწყება. თუმცა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მართვისა და კვალიფიკაციის ამაღლების დეპარტამენტი იუწყება, რომ არც ახალქალაქში და არც ახალციხეში ადგილები არ არის. სწავლა აქ უკვე 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყება.
vet.ge-ს მონაცემებით, 2026 წლის შემოდგომის მიღების ფარგლებში მიღება გამოცხადებულია პროფესიული განათლების 568 პროგრამაზე, მათ შორის ინტეგრირებულ საშუალო პროფესიულ 37 პროგრამაზე, რომლებიც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგებს მოიცავს. 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადგილების საერთო რაოდენობა 21 372-ს შეადგენს.
პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა არის როგორც ახალქალაქში, ასევე უახლოეს ქალაქ ახალციხეშიც.
„უნივერსიტეტში გვაქვს ცალკე სტრუქტურა, ეს არის განყოფილება, რომელიც პროფესიულ განათლებაში არსებულ საკითხებს მართავს. ახალციხეში 3 პროგრამა გვაქვს. ერთი პროგრამა სრულიად ახალია, ხოლო ორი პროგრამა უკვე ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. ძველი პროგრამებია საექთნო საქმე და საბუღალტრო საქმე. ხოლო მესამე, სრულიად ახალი პროგრამა – ფარმაციაა, ანუ ვამზადებთ ფარმაცევტებს. რაც შეეხება ახალქალაქს, იქ არის საბუღალტრო საქმე, კომპიუტერული ქსელები და სისტემები, ასევე ვამზადებთ ელექტრიკოსებს. გარდა ამისა, ვამზადებთ ახალ პროგრამებსაც, თუმცა ავტორიზაცია ჯერ არ გაუვლიათ“, – აცხადებს უნივერსიტეტის პრორექტორი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მართვისა და კვალიფიკაციის ამაღლების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მაკა ბერიძე.
პროფესიულ სასწავლებლებში მიღება 3 ეტაპად მიმდინარეობს, ამ ეტაპზე მიღება იმ სასწავლო დაწესებულებებში ტარდება, სადაც ვაკანტური ადგილებია. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეჯში სტუდენტთა მიღება უკვე დასრულებულია, რის გამოც ის დამატებით მიღებაში არ მონაწილეობს.
„ყველა ადგილზე, რაც გვქონდა, სტუდენტები მივიღეთ. ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე – 40 სტუდენტი, ბუღალტერიაზე – 20 სტუდენტი, ასევე სწავლა გრძელდება საბაჟო საქმეზე, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, 14 სტუდენტი კი ელექტრიკოსის სპეციალობაზე სწავლობს“, – აცხადებს ის.