ახალქალაქის უმაღლეს სასწავლებელში ტურიზმსაც ასწავლიან

ახალქალაქის უმაღლეს სასწავლებელში ტურიზმსაც ასწავლიან

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსში ტურიზმის ახალმა საბაკალავრო პროგრამამ დაიწყო ფუნქციონირება. პირველი სტუდენტები უკვე ჩაირიცხნენ და სწავლას შეუდგნენ. ამ ეტაპზე კორპუსში უმაღლესი განათლების ორი პროგრამა მოქმედებს: ტურიზმი და ქართული ფილოლოგია. ეკონომიკის ფაკულტეტზე წელს მიღება არ გამოცხადებულა.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან ახალქალაქის კორპუსში წარმოდგენილ საგანმანათლებლო პროგრამებს შორის ეს ახალი მიმართულება ერთ-ერთი მთავარი სიახლეა.
პროგრამაზე მიღება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე განხორციელდა. პირველი ნაკადის ფორმირებაში დამატებითი წვლილი შეიტანა ქართული ენის მომზადების პროგრამამ. სტუდენტებმა, რომლებმაც მოსამზადებელი კურსი დაასრულეს, სწავლა არჩეული მიმართულებებით განაგრძეს.
„ჩვენ გვქვს ქართული ენის მომზადების პროგრამა. სტუდენტების ძირითადმა ჯგუფმა, რომელმაც ის დაასრულა, სწორედ ტურიზმი აირჩია. საბოლოოდ, სტუდენტები ორ პროგრამას — ქართულ ფილოლოგიასა და ტურიზმს შორის გადანაწილდნენ. ეს უკვე მომავლის გეგმა კი არა, რეალობაა — პროგრამა უკვე მოქმედებს, სტუდენტები ჩარიცხულნი არიან და სწავლობენ. ამიტომ, როდესაც ამბობენ, რომ ახალქალაქში ეკონომიკა არ არის და ის დახურეს, ეს ასე არ არის. პროგრამა არ დაუხურავთ — უბრალოდ, მიღების წესი შეიცვალა“, — აცხადებს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაკა ბერიძე.
სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლების თქმით, პროგრამა ფაქტობრივად უკვე მოქმედებს: სტუდენტები ჩარიცხულნი არიან, ლექციები დაიწყო და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ტურიზმის პროგრამის გამოჩენამ ცვლილებები შეიტანა ახალქალაქში მიღების სტრუქტურაშიც. კერძოდ, წელს ეკონომიკის მიმართულებაზე ახალი მიღება არ განხორციელებულა. ამასთან, თავად პროგრამა „ეკონომიკა“ არ დახურულა — მასზე სწავლას უფროსი კურსის სტუდენტები განაგრძობენ.
ქალაქისთვის, რომელიც ტურისტული პოტენციალისა და მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მქონე რეგიონში მდებარეობს, სპეციალიზებული საგანმანათლებლო პროგრამის გამოჩენა ქმნის შესაძლებლობას, სპეციალისტები უშუალოდ ადგილზე მომზადდნენ. ტურიზმს სტუდენტებს როგორც ახალციხელი, ისე თბილისელი პედაგოგები ასწავლიან.
ზოგიერთი სპეციალისტი თბილისიდან ჩამოვა. ისინი ასწავლიან როგორც ახალციხეში, ისე ახალქალაქშიც — მაგალითად, ინგლისურ ენას, აკადემიურ წერასა და სხვა დისციპლინებს. ხოლო ძირითად პროფილურ საგნებს ახალქალაქში, რა თქმა უნდა, ახალციხელი პროფესორები წაიკითხავენ“, — აცხადებს მაკა ბერიძე.
საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება ახალციხეშიც გრძელდება.
„ახალციხეშიც გვაქვს ტურიზმის პროგრამა. გარდა ამისა, მოქმედებს ვეტერინარიის ხუთწლიანი ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც მაგისტრის დიპლომით სრულდება. ასევე გვაქვს კომპიუტერული და IT ტექნოლოგიების, ეკოლოგიის, აგრონომიის, ქართული და ინგლისური ფილოლოგიის, ისტორიის პროგრამები. ამ მიმართულებებზე წელს პირველკურსელები მივიღეთ“, — ამბობს მაკა ბერიძე.

თეგები: განათლება
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე