ფარავნიდან ჯანდარამდე: საქართველოს უდიდესი ტბები საქსტატის მონაცემებით

ფარავნიდან ჯანდარამდე: საქართველოს უდიდესი ტბები საქსტატის მონაცემებით

საქართველოს ბუნებრივი ლანდშაფტი ტბების დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თუმცა, როდესაც საქმე მათ ზომებს ეხება, საინტერესო კანონზომიერებას ვაწყდებით: ტბის ზედაპირის ფართობი ყოველთვის როდი განსაზღვრავს მასში არსებული წყლის ფაქტობრივ მოცულობას.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გარემოსდაცვითი სტატისტიკის პორტალის მონაცემები თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ ქვეყნის ხუთ უდიდეს ტბაში ძირითადად სამცხე-ჯავახეთისა და დასავლეთ საქართველოს ტბები შედის. ამასთან, მათ შორის არსებითი განსხვავებაა როგორც სიღრმის, ისე წყლის საერთო მოცულობის მიხედვით.

ფართობი, სიღრმე და მოცულობა — საქართველოს ხუთი უდიდესი ტბა

ზედაპირის ფართობის მიხედვით საქართველოს ბუნებრივ ტბებს შორის აბსოლუტური ლიდერია ფარავნის ტბა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდებარეობს. მისი ფართობი 37,5 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. თუმცა, ტბის საშუალო სიღრმე — სულ 2,4 მეტრია, ხოლო მაქსიმალური — 3,3 მეტრი. ამიტომ, დიდი ფართობის მიუხედავად, მასში წყლის მოცულობა 90,8 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

ფართობით მეორე ადგილს იკავებს ასევე სამცხე-ჯავახეთში მდებარე ხოზაფინის ტბა, რომლის ფართობი 26,3 კვადრატული კილომეტრია. ეს ტბა ხუთ უდიდეს ტბას შორის ყველაზე მცირე სიღრმით გამოირჩევა: მისი საშუალო სიღრმე 0,7 მეტრია, ხოლო მაქსიმალური — სულ რაღაც 1 მეტრი. ამის გამო ხოზაფინში წყლის მოცულობა მხოლოდ 19,3 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

მესამე პოზიციას იკავებს ფოთის მახლობლად, შავი ზღვის სანაპიროსთან მდებარე პალიასტომის ტბა. მისი ფართობი 18,2 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. საშუალო სიღრმე — 2,1 მეტრია, ხოლო მაქსიმალური — 3,2 მეტრი. პალიასტომის ტბაში წყლის მოცულობა დაახლოებით 52 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

ყველაზე შთამბეჭდავი კონტრასტი მეოთხე პოზიციაზე – ტაბაწყურის ტბასთან ფიქსირდება. სამცხე-ჯავახეთში მდებარე ტაბაწყურის ტბა ფართობით — 14,2 კვადრატული კილომეტრი — თითქმის სამჯერ ჩამორჩება ფარავანს. თუმცა, მნიშვნელოვანი სიღრმის წყალობით, იგი წყლის მოცულობის მიხედვით საქართველოს უდიდესი ტბაა. ტაბაწყურის საშუალო სიღრმე 15,6 მეტრს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური 40 მეტრს აღწევს. ტბაში დაახლოებით 221 მილიონი კუბური მეტრი წყალია — თითქმის 2,5-ჯერ მეტი, ვიდრე ფარავნის ტბაში.

უდიესი ტბების ხუთეულს ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ჯანდარის ტბა აგვირგვინებს. მისი საერთო ფართობი 10,6 კვადრატული კილომეტრია. ჯანდარის საშუალო სიღრმე — 4,8 მეტრია, ხოლო მაქსიმალური — 7,2 მეტრი. საინტერესოა, რომ შედარებით ღრმა ქვაბულის წყალობით, ჯანდარის ტბაში წყლის მოცულობა დაახლოებით 52 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს — იმავეს, რასაც პალიასტომში, იმის მიუხედავად, რომ ფართობით იგი მასზე მნიშვნელოვნად მცირეა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე