როდის შეკეთდება №5 სკოლა? -მოსწავლეები სხვა სკოლაში დადიან

როდის შეკეთდება №5 სკოლა? -მოსწავლეები სხვა სკოლაში დადიან

ახალქალაქის №5 საჯარო სკოლა უკვე ერთი კვირაა სასწავლო პროცესს №1 საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში ატარებს. სასწავლო პროცესის გადატანა №5 სკოლის შენობაში დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

iner1

Jnews-მა შეეცადა დაეზუსტა როგორ არის ორგანიზებული დროებითი სასწავლო პროცესი №1 სკოლაში, ასევე როდის დაიწყება სარემონტო სამუშაოები №5 სკოლაში და რამდენ ხანს გაგრძელდება ისინი.

№5 საჯარო სკოლის დირექტორის, ნაზიკ მოსოიანის თქმით, №5 სკოლა უკვე ერთი კვირაა №1 სკოლაში ფუნქციონირებს და სასწავლო პროცესი ეტაპობრივად ლაგდება.

„ჩვენ უკვე ერთი კვირაა №1 სკოლაში ვფუნქციონირებთ და ეტაპობრივად ვუბრუნდებით ჩვეულ რიტმს. სკოლის რემონტის შესახებ დეტალები ჩემთვის უცნობია“, — განაცხადა ქალბატონმა ნაზიკამ.

აღნიშნულ თემაზე Jnews-მა ასევე ესაუბრა ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორს, თერეზა ჩივჩიანის.

„სამინისტროსგან შევიტყვეთ, რომ №5 სკოლის რემონტის დაწყებას უკვე აპირებენ. სხვა ინფორმაციას არ ვფლობთ“, — განაცხადა თერეზა ჩივჩიანმა.

inter2

რაც შეეხება №5 სკოლაში სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებულ დეტალებს, სამუშაოების მოცულობის, დაგეგმილი დაფინანსებისა და ვადების შესახებ ინფორმაციის მისაღებად Jnews-ი ასევე დაუკავშირდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელს, არა მოვსესიანის.

არა მოვსესიანის თქმით, ამ ეტაპზე განხორციელდა სკოლის ქონებისა და ინვენტარის გადაზიდვის სამუშაოები, ხოლო სასწავლო პროცესი №1 სკოლაში გაგრძელდება.

„ჩემთვის ცნობილია, რომ №5 სკოლაში ქონებისა და ინვენტარის გადაზიდვის სამუშაოები უკვე განხორციელდა, სასწავლო პროცესი კი №1 სკოლაში გრძელდება. თუმცა, რადგან სარემონტო სამუშაოები ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, სხვა დეტალები არ მაქვს“, — განაცხადა არა მოვსესიანმა.

ამრიგად, ამჟამად №5 სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, №1 სკოლაში აგრძელებენ, ხოლო №5 სკოლის შენობა სარემონტო სამუშაოების დასაწყებად ემზადება.

Jnews გააგრძელებს ამ თემაზე ინფორმაციის შეგროვებას და როგორც კი სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდება ცნობილი, კვლავ დაუბრუნდება აღნიშნულ საკითხს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე