უცხო-სუნელის კრიზისი: წვიმით გაფუჭებული მოსავალი და დაბალი ფასებით ჩაშლილი გეგმები

უცხო-სუნელის კრიზისი: წვიმით გაფუჭებული მოსავალი და დაბალი ფასებით ჩაშლილი გეგმები

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ფერმერებისთვის უცხო-სუნელი პერსპექტიულ და მომგებიან კულტურად ითვლებოდა. დღეს ვითარება შეიცვალა: შარშანდელი მოსავლის ნაწილი მწარმოებლებს ჯერ კიდევ ხელთ დარჩათ, წლევანდელი მოსავალი ბევრ სოფელში ხანგრძლივმა წვიმებმა და სეტყვამ დააზიანა, ფერმერები კი ნათეს ფართობებს ამცირებენ. ამასთან, საგარეო ბაზრებზე პოტენციური გასვლა ჯერჯერობით მხოლოდ შესაძლებლობად რჩება — წლევანდელი მოსავლის ხარისხმა მოსალოდნელი მსხვილი გარიგებების დადება შეუძლებელი გახადა.

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში უცხო-სუნელის მოყვანა ფერმერებისთვის პერსპექტიულ მიმართულებად ჩანდა. კულტურა თანდათან გავრცელდა სოფლებში და ზოგიერთი მეურნეობისთვის კარტოფილის ალტერნატივად იქცა.

თუმცა, წარმოების ზრდასთან ერთად წარმოიშვა პრობლემაც, რომელსაც დღეს ფერმერები ერთ-ერთ მთავარს უწოდებენ — მოსავლის რეალიზაცია. გასულ წელს პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი გაუყიდავი დარჩა. ფერმერებმა, რომლებიც ფასის ზრდას ელოდნენ, მოსავალი დაიმარაგეს, თუმცა ფასი, პირიქით, შემცირდა.

შედეგად, წელს ბევრმა სოფლელმა შეამცირა ნათესი ფართობები ან სრულიად თქვა უარი უცხო-სუნელის მოყვანაზე.

„სამუშაო ძალიან შრომატევადია, სარგებელი კი — ცოტა“, — აცხადებენ ფერმერები.

რაზმიკ კალაშანი სოფელ სულდადან გასულ წელს უცხო-სუნელს სოფელ გოდოლარის სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მოჰყავდა. მოსავლით კმაყოფილი დარჩა, თუმცა მისი მოსალოდნელ ფასად გაყიდვა ვერ შეძლო.

წელს კალაშანმა გადაწყვიტა, ეს კულტურა აღარ დაეთესა.

„წელს არ დამიგვია. გასულ წელს კარგი მოსავალი მივიღე, მაგრამ ვერ გავყიდე. ამიტომ წელს შევწყვიტე მოყვანა. შარშანდელ მოსავალს იაფად ვყიდდი. ახლა ამბობენ, რომ ფასმა მოიმატა, მაგრამ მანამდე ყიდვა არავის ნდომებია. სამუშაო ძალიან შრომატევადია, სარგებელი კი — ცოტა“, — ამბობს კალაშანი.

ფერმერის თქმით, სწორედ რეალიზაციის სირთულეები აიძულებს მას და სხვა სოფლელებს, გადახედონ დამოკიდებულებას იმ კულტურისადმი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საკმაოდ მომგებიანად ითვლებოდა.

ანალოგიური ვითარებაა სოფელ ბეჟანოში მცხოვრებ რუსლან არუთინიანთანაც. ის უცხო-სუნელს სამი წლის განმავლობაში მოჰყავდა და ყოველწლიურად დაახლოებით 20 მეასედს (ასს) თესავდა. წელს მან ნათესებზე უარი თქვა.

მიზეზი — წინა წლების გაუყიდავი მოსავალია.

„სამი წელი ვთესავდი უცხო-სუნელს, მაგრამ ვერ ვყიდდი. დღემდე მაქვს გასაყიდი სუნელი. ჩვენს სოფელში ბევრი მოჰყავდა, მაგრამ შეწყვიტეს. ამბობენ, რომ წელს მუნიციპალიტეტში წვიმებმა სუნელის მოსავალი გააფუჭა. ვიცი, რომ წლევანდელი მოსავლის ყიდვა არავის უნდა — ხარისხია ცუდი. ყველას შარშანდელი მოსავლის ყიდვა სურს. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ მის გაყიდვას, თანაც კარგი ფასით“, — ამბობს არუთინიანი.

ახლა ბაზარზე უჩვეულო ვითარება შეიქმნა: ფერმერებს შარშანდელი პროდუქცია ხელზე რჩებათ, ხოლო ახალი სეზონის მოსავალი ზოგიერთ მეურნეობაში ხარისხით უფრო უარესი აღმოჩნდა.

სოფლელების თქმით, ხანგრძლივმა წვიმებმა მცენარეთა დაავადებები გამოიწვია. ნესტის გამო უცხო-სუნელი გამუქდა, რადგან ფერმერებმა მოსავლის დროულად გაშრობა ვერ შეძლეს, რის შედეგადაც მზა პროდუქტის ხარისხი დაეცა. ცალკეულ მეურნეობებს დამატებითი ზიანი სეტყვამ მიაყენა.

ძირითად მყიდველებად კვლავ რჩებიან გადამყიდველები საქართველოს სხვა რეგიონებიდან, ასევე სოფლების — აგანას, მერენიასა და იხტილას მცხოვრებლები, რომლებიც შემდეგ ახდენენ პროდუქციის გადაყიდვას.

თუმცა, როგორც ფერმერები ამბობენ, ეს მოთხოვნა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მოსავლის დიდი მოცულობების სტაბილური რეალიზაცია მოხდეს.

უცხოური ბაზარი ახლოს იყო, მაგრამ მოსავალმა იმედები გააცრუა. ზოგიერთი მწარმოებლისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ ახალი ბაზრების ძიება პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი შესაძლო გზა იყო.

არშალუის გალსტიანი სოფელ აგანადან უცხო-სუნელის მოყვანითა და დიდი პარტიებით გაყიდვით არის დაკავებული. წელს იგი არა მხოლოდ კარგ მოსავალს, არამედ ექსპორტის გაფართოების შესაძლებლობასაც ელოდა.

ივლისში მას ეწვია ამერიკული კომპანია Burlap & Barrel-ის თანადამფუძნებელი, რომელსაც აშშ-ში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეაქვს სანელებლები. ვიზიტის მიზანი იყო კულტურის მოყვანის პირობების გაცნობა და უცხო-სუნელის დიდი პარტიებით შესაძლო შესყიდვის განხილვა.

გალსტიანის თქმით, პოტენციურმა მყიდველებმა ინტერესი გამოხატეს. თუმცა ამინდის პირობებმა სერიოზული გავლენა იქონია პროდუქციის ხარისხზე.

„წვიმიანი ამინდები იყო და სუნელი გაფუჭდა. ყველა ყანა დააზიანა, მცენარეები სოკოვანი დაავადებით დაავადდნენ, გამუქდნენ, პროდუქტის ხარისხი დაეცა. ამერიკელებს, რომლებიც უნდა ჩამოსულიყვნენ, შევატყობინე, რომ ჩამოსვლა უკვე აღარ იყო საჭირო. სოფელ აბულის ყანები, სადაც ძალიან კარგი მოსავალი იყო, სეტყვამ დააზიანა. რისი აღებაც მოხერხდა, ისეთი ხარისხის აღარ გახლდათ“, — ამბობს გალსტიანი.

ამრიგად, ახალ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა გადაიდო. ფერმერის თქმით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება არა მხოლოდ წლევანდელი მოსავლის ხარისხი, არამედ შარშანდელი უცხო-სუნელის მნიშვნელოვანი მარაგების არსებობაც.

„უცხო-სუნელის რეალიზაციასა და ახალი ბაზრების მოძიებასთან დაკავშირებით პრობლემა დგას“, – აღნიშნავს გალსტიანი.

ყველა ფერმერი არ შეხვედრია ცუდ მოსავალს. ლილი მიქაელიანმა სოფელ ლომატურცხიდან წელს 15 მეასედიდან (ასისგან) დაახლოებით 360 კილოგრამი უცხო-სუნელი აიღო.

პროდუქციის ხარისხით იგი კმაყოფილია – მოსავალი ღია ფერის გამოვიდა და მისი დროულად გაშრობაც მოხერხდა. თუმცა, მის გაყიდვას ჯერჯერობით არ ჩქარობს.

„ჩემი მოსავალი კარგია, თეთრი ფერის. წვიმების შემდეგ ავიკრიფე და დროულად გავაშრე. წელს ჯერ არ გამიყიდია. გასულ წელს დასაწყისში კილოგრამს 10–15 ლარად ვყიდდი, შემდეგ ფასმა დაიწია. ზოგმა მოსავალი დაიტოვა, უფრო ძვირად გაყიდვის იმედი ჰქონდათ, მაგრამ ვერ შეძლეს. პირიქით, ფასი შემცირდა“, — ამბობს მიქაელიანი.

მისი თქმით, ლომატურცხში უცხო-სუნელს უკვე დიდი ხანია მოიყვანენ. თუმცა ფასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები ფერმერებს აიძულებს, ფართობები შეამცირონ.

ფასის ზრდამ კულტურა ფერმერებისთვის მიმზიდველი გახადა. ნათესი ფართობები იზრდებოდა და უცხო-სუნელის მოყვანა ბევრ სოფელში დაიწყეს. თუმცა წარმოების გაზრდამ, იმავდროულად, გასაღების პრობლემაც გაამწვავა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ფერმერებისთვის უცხო-სუნელი თანდათან კარტოფილის პერსპექტიული ალტერნატივიდან დიდრისკიან კულტურად იქცევა. მოსავლის მოყვანა საქმის მხოლოდ ნახევარია. დღეს მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ სად გაიყიდოს იგი და რა ფასად.

ფერმერები ამბობენ, რომ გასაღების ახალი ბაზრების, სტაბილური მოთხოვნისა და პროდუქციის დიდი პარტიებით გაყიდვის შესაძლებლობის გარეშე წარმოების გაზრდას აზრი არ აქვს. ამიტომ, რამდენიმეწლიანი ზრდის შემდეგ, მუნიციპალიტეტის სოფლებში უცხო-სუნელისადმი ინტერესმა კლება დაიწყო.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე