ახალქალაქში დღის განმავლობაში დაავადებათა ადრეული გამოვლენის მიზნით 291 გამოკვლევა ჩატარდა

ახალქალაქში დღის განმავლობაში დაავადებათა ადრეული გამოვლენის მიზნით 291 გამოკვლევა ჩატარდა

23 სექტემბერს, ახალქალაქში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის შენობასთან უფასო სამედიცინო სკრინინგის აქცია ჩატარდა. ქალაქის მცხოვრებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაევლოთ პროფილაქტიკური გამოკვლევები და მიეღოთ სამედიცინო სპეციალისტების კონსულტაციები. სულ აქციის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება 291-ჯერ გაიცა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ბაზაზე, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ონკოლოგიურ დაავადებათა უფასო სკრინინგის რიგით უკვე მეექვსე აქცია გაგრძელდა. აქცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

თანამედროვე მეთოდების გამოყენებით გამოკვლევები ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ონკოლოგიური სკრინინგის მობილური ჯგუფის კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა ჩაატარა.

სკრინინგის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა:

ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებისთვის – ჩატარდა 77 მამოგრაფიული გამოკვლევა;

B და C ჰეპატიტებსა და აივ ინფექციაზე (შიდსი) ტესტირება – 91 გამოკვლევა;

არტერიული წნევის გაზომვა — 96 ადამიანს;

ადამიანის პაპილომავირუსზე (აპვ/HPV) ტესტირება -15 ადამიანს;

პროსტატის კიბოს სკრინინგი 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის – ვენური სისხლით პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრა – 8 ადამიანს;

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50-დან 70 წლის ჩათვლით ქალებისა და მამაკაცებისთვის – ფარულ სისხლდენაზე განავლის მარტივი ტესტის (FOBT) გამოყენებით – 4 ადამიანს.

გამოკვლევის გავლის შემდეგ მონაწილეები პასუხებს ერთი თვის განმავლობაში მიიღებენ.

სკრინინგის პროგრამა სამცხე-ჯავახეთის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. 21 რიცხვში აქცია ადიგენში გაიმართა, 22-ში – ახალციხეში, 23-ში – ახალქალაქში. 24-ში, დღეს აქცია ნინოწმინდაში მიმდინარეობს, ხოლო 25-ში – ბორჯომში.

გამოკვლევების მიზანი იყო დაავადებათა ადრეული გამოვლენა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და პროფილაქტიკური ღონისძიებების გაძლიერება. ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ცნობით, მუნიციპალიტეტში მსგავსი სამედიცინო აქციის ჩატარება მომავალი წლისთვისაც იგეგმება.

თეგები: ჯანდაცვა
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე