დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. დილიდან ახალქალაქის სკოლისკენ მიმავალი ქუჩები კვლავ გამოცოცხლდა: მოსწავლეები სკოლებისკენ მიეჩქარებოდნენ, ხოლო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 525 პირველკლასელისთვის ეს დღე განსაკუთრებული გახდა — მათ სკოლის ზღურბლი პირველად გადააბიჯეს. უშუალოდ ქალაქ ახალქალაქში პირველ კლასში 183 ბავშვი წავიდა.
დღეს განსაკუთრებით ლამაზად პირველკლასელები გამოყურებოდნენ — ახალ სასკოლო ფორმებში, ყვავილების თაიგულებითა და ოდნავ დაბნეული სახეებით. ახალქალაქის სკოლებში მათთვის სადღესასწაულო ღონისძიებები მოამზადეს. ტრადიციისამებრ, პირველ სასწავლო დღეს ბავშვები მღეროდნენ, ცეკვავდნენ, დედებსა და მასწავლებლებს ლექსებს უძღვნიდნენ, უფროსკლასელებისგან კი ლოცოცვებს, დარიგებებსა და საჩუქრებს იღებდნენ.
სასკოლო დღის კიდევ ერთ ტრადიციად სიმბოლური პირველი ზარი რჩება. პირველკლასელები რიგრიგობით რეკავენ სასკოლო ზარს, რის შემდეგაც მათი პირველი გაკვეთილი იწყება.
ბევრი ბავშვისთვის ეს დღე ახალ რეალობასთან პირველი ნაცნობობა გახდა. გუშინდელი სკოლამდელები დღეს სასკოლო კლასებში აღმოჩნდნენ: ზოგი ტიროდა, ზოგი აქტიურად ეცნობოდა თანაკლასელებს, ზოგი კი ინტერესით ათვალიერებდა ახალ გარემოს. წინ მათ 11-წლიანი სასკოლო ცხოვრება ელოდებათ.
ტრადიციულად, პირველკლასელებმა თავიანთი პირველი კომპიუტერებიც მიიღეს, რაც მათთვის სწავლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი უნდა გახდეს.
ახალქალაქის ხუთ საჯარო სკოლაში წელს 183 პირველკლასელი დარეგისტრირდა. სულ მუნიციპალიტეტში სკოლაში პირველად 525 ბავშვი წავიდა.
ქალაქ ახალქალაქის №1 საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო წელი 26 მოსწავლისთვის დაიწყო.








№2 საჯარო სკოლამ 80 პირველკლასელი მიიღო.







ახალქალაქის №3 სკოლამ სასწავლო წელი 19 მოსწავლით დაიწყო, რომლებიც პირველ კლასში წავიდნენ და დღეს სასკოლო განათლების სამყაროში თავიანთი გზა დაიწყეს.






№4 საჯარო სკოლას პირველი კლასის 45 მოსწავლე შეემატა.







№5 საჯარო სკოლაში წელს 13 პირველკლასელია







ამასთან, მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში პირველი სასწავლო დღე ტრადიციული პირველი ზარით არ ჩატარებულა. წელს ის არ მოეწყობა პირველკლასელებისთვის სოფლების: აპნიას, ბალხოს, დიდი სამსარის, თახჩას, მოდეგამის, მურჯახეთის სოფლის სკოლებში, ასევე სოფელ ოკამის №2 საჯარო სკოლაში.
ზოგიერთი მოსწავლისთვის დღეს მორიგი სასწავლო წელი დაიწყო, ხოლო მუნიციპალიტეტის 525 ბავშვისთვის — ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი. პირველი კლასი, ახალი მეგობრები, პირველი გაკვეთილები და პირველი სასკოლო შთაბეჭდილებები, რომლებიც ბევრ მათგანს მთელი ცხოვრების განმავლობაში დაამახსოვრდება.