გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტომდე პერიოდში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 10 შემთხვევა სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა.
აქედან 213 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
საერთო ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობა დაახლოებით 440 კილოგრამს შეადგენს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდარღვევების ყველაზე მეტი რაოდენობა – 88 ფაქტი – იმერეთის რეგიონული სამმართველოს ოპერატიულ ზონაში გამოვლინდა. 82 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 51 — სამეგრელო-ზემო სვანეთში, 49 – ქვემო ქართლში, 41 – კახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე, 34 ფაქტი შავი ზღვის დაცვის კონვენციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს, 20 ფაქტი – შიდა ქართლში, 14 – გურიაში, 10 – აჭარაში, ხოლო 10 ფაქტი გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე.
კანონდარღვევები დედაქალაქშიც დაფიქსირდა. მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 13 შემთხვევა გამოავლინეს.
ბრაკონიერები ხშირად იყენებდნენ აკრძალულ თევზჭერის იარაღებს, როგორებიცაა სახლართი ბადეები და ელექტროშოკური აპარატები. ამავე პერიოდში დეპარტამენტის თანამშრომლებმა 218 სახლართი ბადე და 24 ელექტროშოკური აპარატი ამოიღეს.