სამცხე-ჯავახეთის ახალი გუბერნატორის პირველი ვიზიტი ახალქალაქში

სამცხე-ჯავახეთის ახალი გუბერნატორის პირველი ვიზიტი ახალქალაქში

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული — გუბერნატორი იოსებ ალიბეგაშვილი ახალქალაქს ახალ თანამდებობაზე პირველად ეწვია, რათა მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას გაცნობოდა.
ახალქალაქის მერიის სხდომათა დარბაზში მას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ელოდებოდნენ. შეხვედრა ახალქალაქის მერმა მელქონ მაქარიანმა გახსნა, რომელმაც დამსწრეებს იოსებ ალიბეგაშვილი წარუდგინა, როგორც სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალი სახელმწიფო რწმუნებული — გუბერნატორი, და დანიშვნა მიულოცა.
Gubernator - 1
ამასთანავე, იოსებ ალიბეგაშვილმა დამსწრეებს თავისი მოადგილეები წარუდგინა — სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით მუმლაძე და მოადგილე ვახტანგ მერაბიშვილი.
ალიბეგაშვილს საჯარო და კერძო სექტორებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მან საჯარო სექტორში საქმიანობა 2000 წელს, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში დაიწყო. წლების განმავლობაში იკავებდა თანამდებობებს, რომლებიც უკავშირდებოდა რეგიონულ პოლიტიკას, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობას.
2022 წელს იგი საჯარო სამსახურში დაბრუნდა და საქმიანობა სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განაგრძო, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2024–2025 წლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტში ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების კოორდინატორად მუშაობდა. 2025 წლის აპრილიდან საქმიანობა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურში განაგრძო. 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის აგვისტომდე ეკავა ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის — გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობა.
Gubernator - 1

2026 წლის 14 აგვისტოს იოსებ ალიბეგაშვილი სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად — გუბერნატორად დაინიშნა. სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს, დავით მუმლაძეს, სამართალდამცავ სტრუქტურებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, კერძო სექტორსა და ტურიზმის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2020 წლიდან იგი სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) აღმასრულებელი დირექტორია. მანამდე სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და კერძო სექტორში. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, ვახტანგ მერაბიშვილსაც მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს საჯარო და კერძო სექტორებში. 2014 წლიდან მისი პროფესიული საქმიანობა სამცხე-ჯავახეთის მართვასა და განვითარებას უკავშირდება. წლების განმავლობაში იგი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იკავებდა თანამდებობებს, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობასა და რეგიონული პროექტების კოორდინაციაზე იყო პასუხისმგებელი. 2025 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსად.

შეხვედრის შემდეგ, გუბერნატორმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პროექტიც დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ამ ეტაპზე ახალქალაქში რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე