ნაწლავური ინფექციები: როდის არის ექიმთან ვიზიტი აუცილებელი და როდის შეგვიძლია სახლში მკურნალობა

ნაწლავური ინფექციები: როდის არის ექიმთან ვიზიტი აუცილებელი და როდის შეგვიძლია სახლში მკურნალობა

ამ ზაფხულს ნაწლავური ინფექციები უფრო სერიოზულ პრობლემად იქცა, ვიდრე გასულ წლებში — წელს ხშირად გვხვდება სალმონელოზიც. მნიშვნელოვანი და საგანგაშო სიმპტომები, რომელთა დროსაც სამედიცინო დახმარება აუცილებელია: სისხლიანი განავალი, გადაჭარბებული ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა/შეცვლა, შეუჩერებელი სიცხე, რომელიც სტანდარტულ სიცხის დამწევ მედიკამენტებს არ ემორჩილება და ძლიერი, შეტევითი ტკივილი მუცლის არეში. დანარჩენ შემთხვევებში დიარეამ შესაძლოა სამედიცინო ან მედიკამენტური ჩარევის გარეშე, თავისით გაიაროს — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს.

მისი თქმით, კარგი იქნებოდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრს პერიოდულად მიეწოდებინა მონაცემები იმის შესახებ, თუ რომელი ნაწლავური ინფექციები ჭარბობს ამ სეზონზე და რომელი კურორტები წარმოადგენს ამ მხრივ უფრო მაღალ რისკს.

„წელს, ისევე როგორც ზოგადად ზაფხულში, უამრავი ადამიანი ბრუნდება კურორტებიდან დიარეით (განსაკუთრებით ზღვის სანაპიროდან). სტატისტიკურ მონაცემებს ვერ წარმოვადგენ და ერთი რიგითი ინფექციონისტის პაციენტები ვერ გამოდგება სტატისტიკური ანალიზის საფუძვლად, თუმცა ჩემს დაკვირვებას გავაზიარებ: ამ ზაფხულს ნაწლავური ინფექციები უფრო სერიოზულ პრობლემად იქცა, ვიდრე გასულ წლებში. თუმცა, კარგი იქნებოდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრს პერიოდულად მოეწოდებინა ჩვენთვის მონაცემები იმის შესახებ, თუ რომელი ნაწლავური ინფექციები ჭარბობს ამ სეზონზე და რომელი კურორტები წარმოადგენს ამ მხრივ უფრო მაღალ რისკს.

მონაცემები იმის შესახებ, თუ რომელი ინფექციებია ამ სეზონზე დიარეის მიზეზი, გადამწყვეტია პაციენტების კლინიკური მართვისთვის — ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული დაავადებები მკურნალობისადმი განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. როდესაც ექიმმა ანალიზების პასუხების მიღებამდეც იცის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ანუ ამა თუ იმ დაავადების ალბათობა, ეს მას ძალიან ეხმარება.

დიარეული დაავადებების დროს უნდა ჩატარდეს განავლის შესაბამისი გამოკვლევები. წელს ხშირად გვხვდება სალმონელოზი, თუმცა ნაწლავური ვირუსული ინფექციებიც ფიქსირდება.

არ ღირს ანტიბიოტიკოთერაპიის თვითნებურად დაწყება (ეს დიაგნოსტიკას ართულებს და ზოგჯერ დიარეულ დაავადებასაც ამძიმებს)“, — აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.

ინფუზიური თერაპია საჭირო არ არის, თუ პაციენტი სითხეს ადეკვატურად იღებს. ინფუზია სითხის ერთჯერადი შევსებაა და გამოიყენება გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს არ შეუძლია სითხის მიღება ან აღენიშნება გაუწყლოების სიმპტომები. ეს არ აუქმებს სითხის მიღების აუცილებლობას და პაციენტმა უნდა განაგრძოს დალევა დღის განმავლობაშიც და ინფუზიის შემდეგაც.

არ არის საჭირო უზარმაზარი რაოდენობით პრობიოტიკების, „კუჭის წამლებისა“ და გაურკვეველი ჩვენებების მქონე სხვადასხვა პრეპარატების მიღება, რომლებსაც პაციენტები ხშირად ერთდროულად ან ქაოსურად სვამენ — ხან ერთს, ხან მეორეს — და მედიკამენტების ასეთი რაოდენობით კიდევ უფრო ტვირთავენ ანთებით პროცესში მყოფ საჭმლის მომნელებელ სისტემას.

„აბა, საერთოდ არანაირი წამალი არ არის საჭირო?“ — უმეტეს შემთხვევაში არ არის საჭირო და სიმპტომები მაინც გაივლის. თუმცა, როგორც წესი, დამსახურებას რომელიმე მედიკამენტს ან ინფუზიას მიაწერენ ხოლმე და ფიქრობენ, რომ სწორედ მან „უშველა“.

მნიშვნელოვანი და საგანგაშო სიმპტომები, რომელთა დროსაც სამედიცინო დახმარება აუცილებელია: სისხლიანი განავალი, გადაჭარბებული ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა/შეცვლა, შეუჩერებელი სიცხე, რომელიც სტანდარტულ სიცხის დამწევ მედიკამენტებს არ ემორჩილება და ძლიერი, შეტევითი ტკივილი მუცლის არეში.

მხოლოდ იმის გამო, რომ პაციენტს აქვს სიცხე, ღებინება ან დიარეა, სასწრაფო დახმარების გამოძახება ან მისი ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი არ არის (განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტი ჯანმრთელი ახალგაზრდაა), თუმცა ეს ძალიან გავრცელებული სცენარია.

გამონაკლისს წარმოადგენენ ჩვილები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, რომლებისთვისაც ჰოსპიტალიზაცია ხშირად შეიძლება იყოს აუცილებელი“, — წერს ბუწაშვილი.

თეგები: ჯანდაცვა
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე