საქართველოს მთავრობამ პირველკლასელებისთვის ახალი სახელმწიფო ეკოლოგიური პროგრამა — „ჩემი პირველი ნერგი“ დაამტკიცა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პირველკლასელები მთელი საქართველოს მასშტაბით ხეებს დარგავენ და მათზე იზრუნებენ. ინიციატივის დაწყების შესახებ განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს ყველა ის ბავშვი, რომელიც 15 სექტემბრის მდგომარეობით პირველ კლასში იქნება დარეგისტრირებული. მთავრობის დადგენილებით, პროექტის მთავარი მიზანია ტყეებისა და მწვანე ნარგავების აღდგენა/გაზრდის მხარდაჭერა, ბიომრავალფეროვნების დაცვა და კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენის შემცირების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ამაღლება.
პროექტი მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის უწყებათაშორის თანამშრომლობას ითვალისწინებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პასუხისმგებელია რეგიონების კლიმატური ზონების მიხედვით ნერგების შერჩევაზე, მათ შესყიდვასა და ლოჯისტიკაზე. დაფინანსება სპეციალური ეკოლოგიური ფონდიდან გამოყოფილია.
განათლების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა უსაფრთხო ტრანსპორტირება დარგვის ლოკაციებამდე. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან გამოყონ ნაკვეთები გამწვანებისთვის და იკისრონ დარგული ხეების სისტემური მოვლა-პატრონობა.
პროგრამა გრძელვადიან ხასიათს ატარებს: მოსწავლეები არა მხოლოდ დარგავენ ნერგებს, არამედ რეგულარულად ადევნებენ თვალს მათ ზრდასა და განვითარებას.