საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ფინანსური თაღლითობის სქემების შესახებ აფრთხილებს.
როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დროს კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებების მეშვეობით ეკონტაქტებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებად წარადგენენ. ასევე გამოვლენილია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ლოგოტიპის უკანონოდ გამოყენების შემთხვევები.
„ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს პირები მოქალაქეებს სთავაზობენ დახმარებას სხვადასხვა ფინანსური პროდუქტის, მათ შორის კრედიტების მიღებასა და სხვა ფინანსური ოპერაციების განხორციელებაში.
კერძოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს კომერციული ბანკის სახელით დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მის სახელზე დამტკიცებული სესხის მისაღებად საჭირო იყო ხელშეკრულების გაფორმება. მას შემდეგ, რაც კლიენტმა განაცხადა, რომ სესხზე განაცხადი არ გაუკეთებია, მეტი დაჯერებულობისთვის მას უკვე საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით დაუკავშირდნენ და დაარწმუნეს სესხით სარგებლობის აუცილებლობაში. მათი ზეგავლენით კლიენტმა გაიარა ავტორიზაცია შესაბამის დისტანციურ არხში, გაააქტიურა სესხი ინტერნეტბანკში, ხოლო მიღებული თანხის ნაწილი მესამე პირის ანგარიშზე გადარიცხა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ კლიენტი, სავარაუდოდ, თაღლითობის მსხვერპლი გახდა.
მსგავსი შემთხვევები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ თაღლითები, ე.წ. „სოციალური ინჟინერიის“ გამოყენებით, ცდილობენ დამოუკიდებლად მოიპოვონ წვდომა მომხმარებელთა საბანკო ანგარიშებზე ან აიძულებენ თავად კლიენტებს განახორციელონ გარკვეული ოპერაციები, რაც ფინანსურ დანაკარგებამდე მიდის.
განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკი, კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, არ გასცემს სესხებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე და არ იღებს დეპოზიტებს. ის ასევე არანაირად არ უწევს დახმარებას კლიენტებს კომერციულ ბანკებში სხვადასხვა ფინანსური პროდუქტის მიღების პროცესში. ეს სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასა და კომპეტენციას, რაც დადგენილია ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობით.“
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფხიზლე და სიფრთხილე. ნუ გაანდობთ სხვას თქვენს პერსონალურ და ფინანსურ მონაცემებს, მათ შორის მომხმარებლის სახელსა და პაროლს, რომლებიც დისტანციურ საბანკო სერვისებში ავტორიზაციისთვის არის საჭირო. ნუ შეიყვანთ ამ მონაცემებს უცნობი პირების მიერ გამოგზავნილ ბმულებზე არსებულ ეჭვმიტანილ საიტებზე და ნუ შეეცდებით საბანკო ან საგადახდო ბარათებით ოპერაციების განხორციელებას მათ მიერ მოცემული მითითებებით.
მსგავსი ან სხვა სახის შეთავაზებების მიღებისას აუცილებელია მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციაში მიმართვის გზით და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება ფინანსური პროდუქტის გამოყენების ან ოპერაციის განხორციელების შესახებ. სავარაუდო თაღლითობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, პერიოდულად აქვეყნებს გაფრთხილებებსა და საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალებს გავრცელებული ფინანსური თაღლითობის სქემების შესახებ. შესაბამისი შინაარსის მასალები განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდებზე“, — ნათქვამია განცხადებაში.