ახალქალაქის მუნიციპალიტეტში უცხო სუნელს უკვე მრავალი წელია თესავენ. თუ ადრე ამ კულტურას მცირე ნაკვეთებზე, მხოლოდ ცალკეულ სოფლებში თესავდნენ, დროთა განმავლობაში მისი მოყვანა თითქმის მთელ მუნიციპალიტეტში დაიწყეს. თუმცა, ბოლო წლებში ნათესი ფართობები მცირდება. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებაა, რომლებთან ბრძოლის გზებიც ფერმერებმა არ იციან. მიუხედავად ამისა, წელს ამინდის პირობებმა ხელი შეუწყო კარგი მოსავლის მიღებას.
ხელსაყრელი ამინდი და კარგი მოსავალი
ფერმერ არშალუის გალსტიანის თქმით, წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამინდის პირობები ხელსაყრელი იყო როგორც კარტოფილისთვის, ასევე უცხო სუნელისთვის.
წელს უცხო სუნელი პირველად სოფელ აბულში დათესეს. არშალუის გალსტიანის სიტყვებით, აქ მცენარის სიმაღლემ დაახლოებით 1,5 მეტრს მიაღწია, რაც კულტურის მოყვანისთვის ხელსაყრელ პირობებზე მეტყველებს.
ფერმერის თქმით, იგი ჩვეულებრივ 1 ჰექტარიდან 2–2,5 ტონა მოსავალს იღებს.
თუმცა, როგორც გალსტიანი აღნიშნავს, უხვი მოსავალი ფერმერებისთვის ყოველთვის კარგ შემოსავალს არ ნიშნავს.
არშალუის გალსტიანი მრავალი წელია უცხო სუნელის მოყვანითა და რეალიზაციითაა დაკავებული. იგი ამბობს, რომ ზოგიერთ სოფელში მავნებლების გამო მოსავლიანობა იმ დონემდე შემცირდა, რომ ფერმერები იძულებულნი გახდნენ, ამ კულტურის მოყვანაზე უარი ეთქვათ.
„სოფელ გომანსა და აგანაში ადრე აქტიურად მოჰყავდათ სუნელი, მაგრამ ახლა იქ თითქმის აღარ თესავენ, რადგან ნიადაგი დაინფიცირებულია მავნებლებით, რომლებიც ნათესებს აფუჭებენ. მავნებლებს მოსავლის 60%-მდე განადგურება შეუძლიათ“, – ამბობს გალსტიანი.
ამასთან, ფერმერს მიაჩნია, რომ უცხო სუნელი შეიძლება გახდეს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ალტერნატიული სასოფლო-სამეურნეო კულტურა კარტოფილთან, ჭარხალთან, სტაფილოსა და სხვა კულტურებთან ერთად.
მუნიციპალიტეტში უცხო სუნელის ნათესი ფართობების მოცულობა პირდაპირ არის დამოკიდებული საბაზრო ფასზე. როდესაც პროდუქციის ღირებულება იზრდება, ფერმერები ნათეს ფართობებს აფართოებენ, ხოლო ფასის კლებისას – ამცირებენ.
„სუნელის ყველაზე მაღალი ფასი 1 კილოგრამზე 20 ლარი იყო. 1 კილოგრამის მოყვანა მე დაახლოებით 8 ლარი მიჯდება“, – ამბობს გალსტიანი.
ამასთან ერთად, დღეს მწარმოებლები სერიოზული გასაღების პრობლემის წინაშე დგანან. ფერმერის თქმით, მუნიციპალიტეტში უკვე დაგროვდა 30 ტონამდე სარეალიზაციო პროდუქცია.
„წინა წელს მუნიციპალიტეტში 150–200 ტონა სუნელი იქნა წარმოებული. გასულ წელს ფართობები შემცირდა, წელსაც ნაკლები დათესეს, რადგან ბაზრის პრობლემაა. ამჟამად მუნიციპალიტეტში დაახლოებით 30 ტონა გაუყიდავი სუნელია. ჩვენ წინასწარი გათვლების გარეშე მოვყავთ პროდუქტი და სწორედ ამიტომ ვეჯახებით სირთულეებს“, -აღნიშნავს იგი.
ფერმერები მხარდაჭერასა და მექანიზაციას ელოდებიან
დარგის კიდევ ერთი პრობლემა უცხო სუნელის ნათესების დაზღვევის არარსებობაა. გალსტიანის თქმით, დაავადებებთან, მავნებლებსა და ბაზრის მერყეობასთან დაკავშირებული რისკების მიუხედავად, ეს კულტურა ფაქტობრივად დაზღვევის გარეშე რჩება.
ფერმერს მიაჩნია, რომ ამ მიმართულების განვითარებას ხელი შეიძლებოდა შეეწყო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ სხვა სტრუქტურებს. კერძოდ, საჭიროა დახმარება წარმოების მექანიზაციაში, რაც დანახარჯების შემცირებისა და უცხო სუნელის მოყვანის უფრო ეფექტიანად ქცევის შესაძლებლობას მოგვცემდა.
არსებული პრობლემების მიუხედავად, გალსტიანი თვლის, რომ უცხო სუნელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში განვითარების პოტენციალი აქვს. თუმცა, მისი აზრით, წარმოების შემდგომ გაფართოებას თან უნდა ახლდეს გასაღების ბაზრის შესწავლა, მავნებლებთან ბრძოლა, დაზღვევა და მექანიზაციის დანერგვა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, უხვი მოსავალიც კი შესაძლოა ფერმერებისთვის დამატებით ხარჯებად და გაუყიდავ პროდუქციად იქცეს.