მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ახალქალაქის №1 ყოფილ სამხედრო დასახლებაში (ქალაქში), №406 სახლთან არსებული გაჟონვა მოსახლეობის საკანალიზაციო ხაზზე შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კომპეტენციაში არ შედიოდა, ახალქალაქის სერვისცენტრმა ავარიული მონაკვეთის შეკეთება დაიწყო. სამუშაოების ადგილზე ჩანს დაზიანებული (გაცვეთილი), ნახვრეტებიანი წყლის მილი, რაც ეწინააღმდეგება კომპანიის ოფიციალურ პასუხს გაჟონვის მიზეზთან დაკავშირებით.
უკვე მესამე დღეა, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ახალქალაქის სერვისცენტრის თანამშრომლები სამუშაოებს ატარებენ №406 სახლის პირდაპირ, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში წყალი ჟონავდა. ამ დროისთვის ავარიის ადგილი ექსკავატორით არის გათხრილი.
ფოტოზე ჩანს, როგორ გამოედინება წყალი წყალსადენიდან.
კარგად ჩანს მრავალი დაზიანების მქონე ძველი წყალსადენი, საიდანაც წყალი ჟონავს. ამორტიზებული (გაცვეთილი) მონაკვეთი არ მდებარეობს ე.წ. „წითელ ხაზზე“, როგორც ეს Jnews-ისთვის გაგზავნილ ოფიციალურ პასუხში იყო მტკიცებული.
ფოტოზე ასევე ჩანს ის მომჭერები (ხომუტები), რომლებსაც ადგილობრივი მცხოვრები ახსენებდა. მისი თქმით, რვა წლის წინ, საჩივრის შეტანის შემდეგ, „გაერთიანებული წყალმომარაგების“ თანამშრომლებმა გაჟონვის ადგილი გათხარეს, თუმცა მილი კი არ შეცვალეს, არამედ მხოლოდ რეზინის მომჭერი (ხომუტი) დაადეს და ტერიტორია ისე დახურეს.
Jnews-ის კორესპონდენტი ადგილზე მივიდა და სამუშაოების მიმდინარეობა დააფიქსირა. ჟურნალისტმა კომპანიის თანამშრომლებს კითხვით მიმართა: რატომ ეუბნებოდნენ მოსახლეობას წლების განმავლობაში, რომ ეს კანალიზაცია იყო და აღნიშნული მონაკვეთი კომპანიის კომპეტენციას არ განეკუთვნებოდა, ახლა კი მოულოდნელად რემონტი დაიწყეს?
თუმცა, კომპანიის თანამშრომლებმა ჟურნალისტის კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვეს. ზოგიერთმა მათგანმა კამერის ობიექტივში მოხვედრა არ ისურვა, ხოლო ერთ-ერთმა მუშამ უხეში ფორმით მოითხოვა გადაღების შეწყვეტა და განაცხადა: „წადი სახლში, რატომ იღებ.
მიუხედავად იმისა, რომ გათხრილი მილი და გაჟონვის ადგილი კარგად ჩანდა, სამუშაოების პირველ დღეს ერთ-ერთი თანამშრომელი მაინც ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ეს წყალსადენი კი არა, კანალიზაცია იყო. მისი თქმით, დაზიანება შპს „ნდს მშენებლობის“ მუშების ბრალით წარმოიქმნა, რომლებიც ამჟამად ყოფილი სამხედრო დასახლების საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებენ.
თუმცა, მეორე დღეს, ვინაიდან მთელი მილი ნახვრეტებით იყო სავსე, „გაერთიანებული წყალმომარაგების“ ახალქალაქის სერვისცენტრმა მილი მთლიანად ამოთხარა, იმ ზონის ჩათვლითაც, რომელსაც ისინი „წითელ ხაზს“ უწოდებენ. ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ნახვრეტებიან ძველ მილზე ინსტრუმენტის შეხებაც კი შეუძლებელი იყო.
№1 ყოფილი სამხედრო დასახლების წყალსადენის მილი და სასმელი წყლის მთელი ქსელი ძველია, ამორტიზებული და შეკეთებას საჭიროებს. ისინი ჯერ კიდევ სამხედრო ბაზის არსებობის პერიოდში დამონტაჟდა და მას შემდეგ მათი რეაბილიტაცია არასოდეს განხორციელებულა.
შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს Jnews-მა მიმართა წყალმომარაგების კომპანიას იმის გასარკვევად, თუ რატომ არ იფხვრებოდა წყლის გაჟონვა №406 სახლთან. 10 ივლისს Jnews-მა მიიღო პასუხი, სადაც ნათქვამი იყო, რომ გაჟონვა დაფიქსირებულია საკანალიზაციო ხაზზე, მდებარეობს წითელ ხაზში და არ შედის კომპანიის კომპეტენციაში.