22 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის მთებში, ადგილობრივი მცხოვრების, 67 წლის ნ.ს.-ის ცხედარი იპოვეს. თანასოფლელების ინფორმაციით, მამაკაცი იმ ხარის თავდასხმას ემსხვერპლა, რომელიც ჯოგთან ერთად საძოვარზე იმყოფებოდა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ცხოველი უბედურ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, დაწყვილების მიზნით, მეზობელ სოფელ დიდი სამსარიდან გადაიყვანეს. მათივე თქმით, მთაში მყოფმა მწყემსებმა ხარის აგრესიული ქცევა პირველივე დღეებში შეამჩნიეს და თანასოფლელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ.
ტრაგედიის დღეს ნ.ს. საქონელს მთის საძოვრებზე მწყემსავდა. ახლობლები, რომლებმაც იცოდნენ ცხოველის აგრესიული ხასიათის შესახებ, მასთან დღის განმავლობაში კონტაქტობდნენ. თუმცა, საღამოს საქონელი სოფელში მწყემსის გარეშე დაბრუნდა, რამაც მოსახლეობაში განგაში გამოიწვია.
სოფელ პატარა სამსარის მცხოვრებლები მამაკაცის საძებნელად მთაში წავიდნენ და მისი ცხედარი იპოვეს. თვითმხილველთა თქმით, გარდაცვლილის პირადი ნივთები ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ მანძილზე ეყარა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ხარმა მამაკაცი დიდ მანძილზე მათრია და მას მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
ცხედრის პოვნის შემდეგ მოსახლეობამ პოლიცია გამოძახა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს, რის შემდეგაც გარდაცვლილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისთვის ახალციხეში გადაასვენეს. ადგილობრივების ვარაუდით, მამაკაცის სიკვდილი სწორედ ხარის თავდასხმამ გამოიწვია, თუმცა გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი და დაზიანებების ხასიათი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჯავახეთში ადგილობრივები ხარის თავდასხმის მსხვერპლნი ხდებიან:
2021 წლის 16 მაისი: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხანჩალში, საქონლის მწყემსვისას, ხარი 52 წლის მწყემსს დაესხა თავს. მამაკაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო. იგი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა.
2022 წლის 9 ივლისი: ხარი სოფელ დიდი არაგელის მცხოვრებს დაესხა თავს. დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
იმავე წელს: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში ხარი 1970 წელს დაბადებულ მწყემსს დაესხა თავს. მამაკაცმა მრავლობითი მოტეხილობა მიიღო, იგი თბილისის კლინიკაში მოათავსეს და გარკვეული დროის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
რეგიონის მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირი არ არის, თუმცა ცალკეული ცხოველების აგრესიული ქცევა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მწყემსებსა და საქონლის პატრონებს, განსაკუთრებით მაღალმთიან საძოვრებზე.