მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ყველის სტატუსი ბერძნულმა „გრავიერა ნაქსუმ“ (Graviera Naxou) მიიღო — ამის შესახებ ნათქვამია პოპულარული პლატფორმის, TasteAtlas-ის ბოლო რეიტინგში „100 საუკეთესო ყველის სახეობა მსოფლიოში“.

37 ათასი მომხმარებლის შეფასების საფუძველზე, საუკეთესო ყველის სამშობლოდ, საბერძნეთთან ერთად, დასახელდა იტალია, საფრანგეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბრაზილია და პოლონეთი. სწორედ ამ ქვეყნების პროდუქტები განაწილდა რეიტინგის პირველ ათეულში.

აღსანიშნავია, რომ „მსოფლიოს 100 საუკეთესო ყველის სახეობის“ სიაში საქართველოდან ორი სახეობის ყველი — ტენილი და სულგუნი მოხვდა, რომლებმაც შესაბამისად მე-17 და 35-ე ადგილები დაიკავეს.

ტენილი უნიკალური ქართული ყველია, რომელიც სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მზადდება. მისი დამზადება შესაძლებელია როგორც ძროხის, ისე ცხვრის რძისგან, თუმცა ყველაზე მთავარია, რომ რძე მაღალცხიმიანი იყოს. ყველს ჯერ წურავენ, შემდეგ კი თბილ მასას ხელით მრავალჯერ ჭიმავენ თხელ ძაფებად, რაც მას განსაკუთრებულ ფორმასა და იერსახეს აძლევს.

„ვინაიდან ეს პროცესი დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ტენილს, როგორც წესი, დიდ დღესასწაულებისა და ლხინისთვის ამზადებენ“, — ნათქვამია პლატფორმის აღწერაში.

რაც შეეხება სულგუნს, TasteAtlas წერს, რომ „სულგუნი ცილინდრული ფორმის ქართული ყველია, რომლის სამშობლოც სამეგრელოს რეგიონია. ყველს აქვს ნაზი, თუმცა მრავალფეროვანი გემო და ნახევრად მკვრივი ტექსტურა. მისი დამზადება შესაძლებელია ძროხის, კამეჩის, თხის (იშვიათად) რძისგან ან სამივე სახეობის რძის ნარევით.

ყველის გემოვნური თვისებები, მისი სახეობიდან გამომდინარე, მერყეობს მსუბუქი სიმჟავისა და პიკანტურობიდან მლაშე და შებოლილ არომატამდე. ყველი ადვილად დნება, რის გამოც მას ხშირად იყენებენ პიცის მოსართავად, თუმცა მისი დამატება სხვადასხვა სალათსა და პასტის კერძებშიც შეიძლება“, — ნათქვამია პუბლიკაციაში.