ახალქალაქის მრავალ ქუჩაზე მოსახლეობას წლების განმავლობაში უწევს ერთი და იმავე პრობლემის წინაშე დგომა. წყალმომარაგების მილების სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ გზის ასფალტი აყარეს, თუმცა სამუშაოების დასრულების მიუხედავად, საფარი ასეც არ აღუდგენიათ.

დღეს ქალაქის სხვადასხვა უბანში შეხვდებით გადათხრილ და დაზიანებულ გზებს, რომლებიც წვიმის შემდეგ დიდ გუბეებად და ტალახად იქცევა. ეს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე მძღოლებს.

20260713_170514

მოსახლეობის თქმით, ეს პრობლემა ახალი არ არის. ხშირ შემთხვევაში, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებიდან თვეები, ზოგჯერ კი წლებიც კია გასული, თუმცა წყალმომარაგების კომპანია არ დაბრუნებულა, რათა გზას პირვანდელი სახე დაუბრუნოს. შედეგად, ქალაქის ქუჩები კვლავ ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია, რაც მოუწესრიგებელ და მიუხედავ გარემოს ქმნის.

20260713_164038

„უკვე 3-4 წელია, რაც ქუჩა მთელ სიგრძეზე დანგრეულია. წყალმომარაგების სისტემაში ავარია მოხდა, წყალმომარაგების კომპანიამ ავარიის სალიკვიდაციოდ ქუჩა გადათხარა, თუმცა გზა აღარ შეუკეთებიათ“,- ჰყვება ანდრანიკ მარგარიანის ქუჩის პირველი ჩიხის მაცხოვრებელი აღვან აკოფიანი.

20260713_170222

იგივე ვითარებაა ნაზარეთიანის ქუჩაზეც, სადაც წყლის მილების გასაყვანად ასფალტი მოჭრეს და აყარეს, რის შემდეგაც გზის საფარი აღარ აღუდგენიათ, ხოლო მიწით დაფარული მონაკვეთი კი უკვე ბალახით დაიფარა.

20260713_164433

„უკვე რამდენიმე წელია, რაც ეს მონაკვეთი გადათხარეს და აღარ აღუდგენიათ. მოსახლეობა ვცდილობთ, ქუჩა სუფთად შევინარჩუნოთ, რადგან აქ ჩვენი შვილები თამაშობენ, თუმცა წვიმების შემდეგ გუბეებისა და ტალახის გაჩენა მაინც გარდაუვალია“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნაზარეთიანის ქუჩის მცხოვრებმა ართურ ალექსანიანმა.

20260713_164312

შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ახალქალაქის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა 2024-2025 წლების მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა. მასში აღნიშნული იყო, რომ შემოწმდა „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და წყალმომარაგების კომპანიის მიერ საგზაო საფარისთვის მიყენებული ზიანი. ნოემბერში ზედამხედველობის სამსახურის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ წყალმომარაგების კომპანიას ქუჩების დაზიანებული ასფალტის საფარი არ აღუდგენია.

„შიდა აუდიტის სამსახურმა ამ საკითხთან დაკავშირებით წერილი გაგზავნა, რასაც წყალმომარაგების კომპანიასთან შეხვედრა მოჰყვა. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ქალაქში ასფალტისა და ბეტონის საფარი ამინდის პირობების გაუმჯობესებისთანავე აღდგებოდა“, — განაცხადა მერიის წარმომადგენელმა.

თუმცა, ეს შეთანხმება დღემდე არ შესრულებულა.

ამ თემაზე Jnews-მა ახალქალაქის საკრებულოს ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, მნაცაკან ფამბუხჩიანსაც ესაუბრა. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, ფლობს თუ არა მუნიციპალიტეტი რაიმე ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანიის მიერ გადათხრილი ქუჩების აღდგენის ვადებთან დაკავშირებით. მნაცაკან ფამბუხჩიანმა განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას არ ფლობს.

თუ რა განვითარება მოჰყვება ამ პრობლემის მოგვარებას, Jnews მოგაწოდებთ ინფორმაციას.