მიუხედავად სასოფლო-სამეურნეო სეზონის გვიან დაწყებისა, ჯავახეთის ფერმერები ოპტიმისტურად აფასებენ თავიანთი ნათესების მდგომარეობას. ისინი ამბობენ, რომ საკმარისმა ნალექმა და ზომიერმა ტემპერატურამ ხელსაყრელი პირობები შექმნა მოსავლის განვითარებისთვის. თუმცა, საბოლოო შედეგი, როგორც ყოველთვის, ზაფხულის მეორე ნახევრის ამინდზე იქნება დამოკიდებული.
სასოფლო-სამეურნეო სეზონი წელს ჯავახეთში ჩვეულებრივზე გვიან დაიწყო. ხანგრძლივმა გაზაფხულმა და ცივმა ამინდმა გადაავადა საგაზაფხულო სამუშაოები, რამაც რამდენიმე სოფელში კარტოფილისა და სხვა კულტურების დათესვის დაგვიანება გამოიწვია.
ახლა, როდესაც სეზონი შუაგულს მიუახლოვდა, ფერმერებს უკვე შეუძლიათ წინასწარი დასკვნების გამოტანა მოსავლის მდგომარეობის შესახებ. ისინი ამბობენ, რომ ამჟამად ვითარება ხელსაყრელია. საკმარისმა ნალექმა და ზომიერმა ტემპერატურამ ხელი შეუწყო მცენარეების კარგ განვითარებას და მინდვრები კარგ მდგომარეობაშია.
სოფელ დილისკიდან ფერმერი ვარაზდატ სალვარიანი დადებითად აფასებს არსებულ მდგომარეობას:
„ამ დროისთვის ნორმალური მოსავალია მოსალოდნელი. კარტოფილის განვითარების ვადები, გასულ წელთან შედარებით, ოდნავ ჩამორჩება, მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი კარგად მიდის. ამინდი ხელსაყრელია, ნიადაგი ჯერ კიდევ საკმარისად ტენიანია, მორწყვა არ არის საჭირო. ამ ეტაპზე მინდვრების წამლობა დავიწყეთ. მთავარია, შემდეგში ძალიან ცხელი ამინდი ან სეტყვა არ იყოს. დანარჩენი ნორმალურად მიმდინარეობს. მე იმდენივე დავთესე, რამდენიც შარშან. რამდენადაც ვიცი, ჩვენს სოფელში ყველასთან კარგი მდგომარეობაა. შეიძლება ითქვას, წელს უფრო მაღალ მოსავლიანობასაც კი ველოდებით, ვიდრე გასულ წელს.“
კარტოფილი, რომელიც ჯავახეთის მთავარი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა, ნორმალურად ვითარდება. მარცვლეული და საკვები კულტურებიც ასევე არ იწვევს სერიოზულ შეშფოთებას.
ფერმერი და აგრონომი ჰოვიკ მურადიანიც დადებითად აფასებს ნათესების მდგომარეობას. ის აღნიშნავს, რომ ამინდის პირობები აქამდე ხელსაყრელი იყო, თუმცა ბევრი რამ სეზონის მეორე ნახევარზეც არის დამოკიდებული:
„აქამდე ყველაფერი კარგად მიდის. ნიადაგის ტენიანობა და ტემპერატურა ხელსაყრელია, ამინდი კი ხელს უწყობს მცენარეების განვითარებას. თუ უკიდურესი სიცხე და სეტყვა არ იქნება, კარგი მოსავლის მოლოდინი შეიძლება გვქონდეს. შარშანწინდელი წელიც უხვმოსავლიანი იყო, მაგრამ შემოდგომის ხანგრძლივმა წვიმებმა და ადრეულმა ყინვებმა სიტუაცია გაართულა. ამიტომ, როგორც ყოველთვის, ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული.“
ფერმერები, ტრადიციულად, სეტყვას მიიჩნევენ მომავალი მოსავლის მთავარ საფრთხედ. მას შეუძლია წუთებში გაანადგუროს ნათესები და ნულამდე დაიყვანოს თვეების განმავლობაში გაწეული მძიმე შრომა. შემაშფოთებელია ასევე ძლიერი წვიმები და ხანგრძლივი გვალვა, რომლებმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინონ მოსავლიანობაზე.
„ბუნება თავის კორექტივებს თავადვე შეიტანს. დიახ, გაზაფხულზე დაგვიანება იყო, მაგრამ ახლა მცენარეებმა განვითარებაში თითქმის თანაბარ დონეს მიაღწიეს. ადრეც ვამბობდი, რომ თუ ამინდი ხელსაყრელი იქნებოდა, კულტურები მოასწრებდნენ განვითარების დაგვიანების კომპენსირებას. ახლა გვაქვს ყველა საჭირო პირობა – საკმარისი ტენიანობა და შესაბამისი ტემპერატურა. თუ სეტყვა არ იქნება, მოსავალი შეიძლება ისეთივე კარგი იყოს, როგორც შარშანწინ“, – ამბობს აგრონომი არშალუის გალსტიანი.
უცხო სუნელზე საუბრისას, არშალუის გალსტიანი აღნიშნავს, რომ წელს მის მიერ დამუშავებული ფართობი შემცირდა, ამიტომ მთლიანი მოსავალი, სავარაუდოდ, უფრო ნაკლები იქნება:
„სუნელის მოსავალი დამოკიდებულია არა მხოლოდ ამინდზე, არამედ ნიადაგის თვისებებზეც. ერთ სოფელში ის შეიძლება კარგი იყოს, მეორეში კი – გაცილებით უარესი. წელს სუნელის ნათესები უფრო ნაკლებია. მაგალითად, სოფელ აბულში მოსავალი უკვე მომწიფდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ საგაზაფხულო სამუშაოები ჩვეულებრივზე გვიან დაიწყო“, – დასძენს აგრონომი.
თუ სეზონის დასრულებამდე ამინდის კატაკლიზმები არ მოხდება, ფერმერები კარგ მოსავალს ელიან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯავახეთისთვის, სადაც სოფლის მეურნეობა მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ რჩება.