გუშინ, 14 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთში, საკუთარ სახლში 55 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივები და შემთხვევის თვითმხილველები აცხადებენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა ექსპერტიზის შედეგად არ არის გამორიცხული, რომ საქმე თვითმკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.
55 წლის მამაკაცი სოფელ აზავრეთში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა და რუსეთში სამუშაოდ დადიოდა. მისი შვილები საზღვარგარეთ ცხოვრობენ. Jnews-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
სოფლიდან მიღებული ინფორმაციით, თვითმხილველები ყვებიან, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა — მან ჭრილობა ყელის არეში მჭრელ-მჩხვლეტავი საგნით მიიყენა.
მამაკაცი გარდაცვლილი მისმა მეუღლემ და იმ თანასოფლელებმა იპოვეს, რომლებსაც მან დასახმარებლად დაუძახა.
გვამის გაკვეთის შემდეგ მამაკაცის ცხედარი სოფელში უკვე გადაასვენეს, თუმცა ექსპერტიზის პასუხები ჯერჯერობით უცნობია.
როგორც Jnews-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც „განზრახ მკვლელობას“ გულისხმობს. თუმცა უწყებაში ასევე განმარტეს, რომ ამ ეტაპზე ჯერ ექსპერტიზა მიმდინარეობს. Jnews-ის ინფორმაციით მუხლის გადაკვალიფიცირება 115-ით არ გამოირიცხება.