სომეხი სამოციქულო ეკლესია უფლის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაული სომეხი სამოციქულო ეკლესიის ხუთი უდიდესი დღესასწაულიდან მესამეა.

ფერისცვალების დღესასწაულით განმტკიცდა ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ იესო ღვთის ძეა. დღესასწაულის მთავარი სათქმელია ღვთის სიყვარული, მისი მცნებების მოსმენა და ღვთის ნების აღსრულება.

გრიგორ ტატევაცი დღესასწაულის სახელწოდებას — „ვარდავარს“ — იესოს ვარდთან შედარებით ხსნის: როგორც ვარდი გაშლამდე თავის კოკორშია დამალული და გაშლის შემდეგ ყველასთვის ხილული ხდება, ასევე იესოც ფერისცვალებამდე ატარებდა თავის თავში ღვთაებრივ ნათებას, ხოლო ფერისცვალებისას თავისი ღვთაებრიობა გამოავლინა.

ხალხში ეს დღესასწაული უფრო მეტად „ვარდავარის“ სახელითაა ცნობილი.

ვარდავარი ყანებში მწიფე პურის მოსავლის აღებას ემთხვეოდა. დღესასწაულის დღეს თითქმის ყველგან ეკლესიაში მიჰქონდათ თავთავები და ევედრებოდნენ, რომ ყანები სეტყვასა და კალიას არ დაეზიანებინა. ხორბლის თავთავებისგან „ხაჩბურს“ აკეთებდნენ. მათ ჰქონდათ ჯვრის, ხის ტოტის, ყვავილების თაიგულისა და სხვა ფორმები.

როგორც პირველ ყურძენს ღვთისმშობლის მიძინების (ანუ ყურძნის კურთხევის) დღესასწაულზე მიირთმევდნენ, ისე წლის პირველ ვაშლს ვარდავარზე ჭამდნენ. ვარდავარამდე მიღებული იყო ვაშლის არჭამა — დაცული იყო „ვაშლის მარხვა“.

დღესასწაულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ერთმანეთისთვის წყლის შესხმა. განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც ნაკადულების ნაპირებთან ან წყაროებთან იკრიბებოდნენ, საათობით, მხიარული ხუმრობით, შეძახილებითა და ხმაურით ასხამდნენ ერთმანეთს წყალს.

ვარდავარი იყო სიხარულის, ნადიმის, სიმღერისა და ცეკვის დღესასწაული, ვარდებით, ყვავილებითა და წყლით განბანილი.

ვარდავარის დღესასწაულს წინ უსწრებს ერთკვირიანი მარხვა. მომდევნო დღეს კი, ისევე როგორც ყველა დიდ დღესასწაულს, მიცვალებულთა მოხსენიების დღე აღინიშნება: ყველა ეკლესიაში აღევლინება წმინდა ლიტურგია მიცვალებულთა სულებისთვის და სრულდება პანაშვიდი.