მატყლის სეზონი ჯავახეთში: ტრადიცია, შრომა და ქალის ხელის ისტორია (Photo)

მატყლის სეზონი ჯავახეთში: ტრადიცია, შრომა და ქალის ხელის ისტორია  (Photo)

ზაფხული ჯავახეთში მხოლოდ ბალახის თიბვის, მოსავლის აღებისა და ხანგრძლივი სამუშაო დღეების დრო როდია. ზაფხული მატყლის სეზონიცაა – პერიოდი, როდესაც ჯავახეთის სოფლების ეზოებში, სახლების აივნებსა და ახალქალაქის ქუჩებშიც კი ნახავთ მზის ქვეშ გაშლილ, გარეცხილ და სუფთა მატყლს.

ეს სანახაობა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო სურათი ჩანს, თუმცა ჯავახეთისთვის იგი ბევრად მეტია. ეს არის მთელი კულტურის, ქალთა შრომის, შეუპოვრობისა და თაობიდან თაობას გადაცემული ყოფითი ცოდნის ნაწილი.

ბოლო წლებში ჯავახეთში აქტიური ტენდენცია შეინიშნება – მატყლის ლოგინებს სინტეპონით ანაცვლებენ.

ქალბატონი ლუსია დღეს თავისი სახლის ეზოში სუფთა, თეთრ მატყლს აშრობს. შეკითხვაზე, რთულია თუ არა მატყლის ლოგინის მოვლა, ქალბატონმა უპასუხა:

1000055021

როდესაც პატარა ვიყავი, დედაჩემი დიდი სიყვარულით რეცხავდა მატყლს, მეც სიამოვნებით ვეხმარებოდი ხოლმე. გავთხოვდი თუ არა, სიყვარულითვე გავაგრძელე მატყლის ლოგინების შეკერვა და გამოყენება. ჩემთვის მატყლის ლოგინი შეუცვლელია, ზაფხულობით მისი გარეცხვა და განახლება კი სისუფთავის ნიშანია.

შეკითხვაზე, თუ როგორ უყურებს იმ მოვლენას, რომ დღეს ბევრი სახლიდან იღებს მატყლის საბნებსა და ლეიბებს და სინტეპონისა თუ აქლემის მატყლისგან შეკერილს იყენებს, ქალბატონმა ლუსიამ უპასუხა:

„დიახ, ახლა ახალგაზრდებს არ უყვართ მატყლის რეცხვა, უფროსებიდანაც ბევრი მარტივ ცხოვრებას ეტანება, თუმცა მატყლის ლოგინის ქონა სირთულე არ არის. მისი გარეცხვა ერთგვარი რიტუალია, რომელიც ჩვენს ოჯახში თავისებურ ტრადიციად იქცა.

1000055009

ეს სამუშაო ადვილი არ არის. მატყლი მძიმეა, მოვლა – ხანგრძლივი, ხოლო მთელი პროცესი მოთმინებასა და ფიზიკურ შრომას მოითხოვს. თუმცა სწორედ ამ სირთულეში ჩანს ჯავახი ქალის შეუპოვარი ხასიათი.

ჯავახეთში სახლის სისუფთავე და მოვლა უბრალოდ საყოფაცხოვრებო მოვალეობა არასდროს ყოფილა – ეს ოჯახზე ზრუნვისა და ქალის შრომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლინებაა.

მატყლის ლოგინი ამის ყველაზე მეტყველი მაგალითია. ის უნდა იყოს სუფთა, მოვლილი, დროულად გარეცხილი და დანიავებული. სახლის ლოგინი, თეთრეული, ხალიჩები, მატყლი – ამ ყველაფრის მოვლამ ჩამოაყალიბა ყოფითი კულტურა, სადაც სისუფთავე ღირსების საკითხადაც მიიჩნევა.

მზეზე გაშლილი მატყლის სანახაობა სწორედ ამ კულტურის პატარა, მაგრამ ძალიან მეტყველი ფრაგმენტია. მზის სხივებზე გაფენილი თეთრი მატყლი თითქოს იმ სახლში მცხოვრებ ადამიანებზე ყვება – მათ დისციპლინაზე, სისუფთავის სიყვარულსა და ოჯახზე ზრუნვაზე.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე