გუშინ, 26 აგვისტოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამი კომისიის ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებმა ადგილობრივ ბიუჯეტში 730 271 ლარის ოდენობის მორიგი ცვლილებები განიხილეს. სახსრების მიმართვა იგეგმება ნაგვის ურნების შესასყიდად, სერვისცენტრის დამატებითი ხარჯებისთვის, პროგრამა „სოფლის მხარდაჭერისთვის“, საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციისა და მუნიციპალიტეტის სხვა საჭიროებებისთვის. გარდა ამისა, დეპუტატებმა დააყენეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის კონტროლისა და „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების ვადების საკითხები.
სხდომაში მონაწილეობდნენ საფინანსო-საბიუჯეტო, ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა, ასევე ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიები.
ბიუჯეტის ცვლილებები
ბიუჯეტის ცვლილებების საერთო მოცულობა 730 271 ლარს შეადგენს, საიდანაც:
440 000 ლარი – გაუქმებული პროექტების შედეგად გამოთავისუფლებული სახსრებია;
188 962 ლარი – ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია;
101 309 ლარი – გარდამავალი ნაშთის სახსრები.
ცვლილებების პროექტი დეპუტატებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, კარენ მერგელიანმა წარუდგინა.
კერძოდ, გაუქმდა სოფელ ქარსეფში რიტუალების სახლის მშენებლობის პროექტი, რომლისთვისაც 440 000 ლარი იყო გათვალისწინებული.
კიდევ 188 962 ლარი ტენდერების შედეგად დაინოგა, რომლის უდიდესი ნაწილი „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტენდერებიდან წარმოიქმნა.
დაზოგილი და გამოთავისუფლებული სახსრების ხარჯზე იგეგმება შემდეგი სამუშაოებისა და ღონისძიებების დაფინანსება:
150 ლითონის ნაგვის ურნის შესყიდვა – 161 520 ლარი.
(სერვისცენტრის ინფორმაციით, ურნების შესასყიდად გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი უკვე ჩატარდა. იგეგმება, რომ 10 სექტემბრამდე ცენტრი მიიღებს ურნებს და ქალაქსა და სოფლებში მათ განაწილებას დაიწყებს).
თავისუფლების ქუჩის პარკში დიდი ეკრანის დამონტაჟება — 50 000 ლარი.
სერვისცენტრის დამატებითი დაფინანსება — 90 000 ლარი.
(ეს თანხა სერვისცენტრს საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად გამოეყო).
„სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის დამატებითი დაფინანსება — 385 571 ლარი.
(ეს თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროგრამის დამატებითი დაფინანსების ბოლო ეტაპია. სიალაგში 17 სოფელია შეყვანილი).
სოფელ აგანას ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაცია — 17 500 ლარი.
სოფელ აზავრეთის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია — 25 680 ლარი.
(აღნიშნული სახსრები განკუთვნილია საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად. ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რათა მუნიციპალიტეტის ყველა ბაღი დადგენილ სტანდარტებს შეესაბამებოდეს. მუნიციპალიტეტში ავტორიზაცია უკვე ოთხმა საბავშვო ბაღმა გაიარა).
ბოლოს, განიხილეს ცენტრალიზებული გათბობის არმქონე მუნიციპალური სკოლებისთვის 161 ტონა საწვავი ბრიკეტის შესყიდვის საკითხი, რისთვისაც 160 679 ლარია გათვალისწინებული.
სხდომის მსვლელობისას დეპუტატებმა დღის წესრიგის მიღმაც წამოჭრეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.
დეპუტატი გევორგ პეტროსიანი დაინტერესდა, აკონტროლებს თუ არა საკრებულო კარტოფილსა და თაფლში ქიმიური ნივთიერებების შემცველობას და შესაძლებელია თუ არა ამ პროდუქტების ექსპერტიზაზე გაგზავნა.
„არიან ადამიანები, რომლებიც ახლა იწყებენ სოფლის მეურნეობით დაკავებას და არ იციან, რა რაოდენობის ქიმიური ნივთიერებები უნდა გამოიყენონ. არიან არაპროფესიონალებიც – ზოგი მეტს იყენებს, ზოგიც ნაკლებს. ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ ჩვენს რეგიონში ფრინველების რაოდენობა შემცირდა. შეიძლება თუ არა ეს ამ გარემოებას უკავშირდებოდეს? როგორ შეგვიძლია ამის გარკვევა?“ — განაცხადა გევორგ პეტროსიანმა.
პასუხად ახალქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, მნაცაკან ფამბუხჩიანმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას სცილდება და სურსათის უვნებლობის კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
საკრებულოს თავმჯდომარემ, რუბენ პალიანმა განმარტა, რომ საკრებულოს დამოუკიდებლად არ აქვს უფლება პროდუქტები ექსპერტიზაზე გააგზავნოს, თუმცა შეუძლია შეხვედრა ორგანიზება გაუწიოს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან, რათა მათ დეპუტატებს გააცნონ, თუ როგორ ხორციელდება კონტროლი და უპასუხონ მათ შეკითხვებს.
დეპუტატმა სარგის უზუნიანმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები შესაძლოა დროულად ვერ დასრულდეს. იგი, კერძოდ, სოფელ კულიკამში სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდა.
„ამინდის პირობებიდან გამომდინარე ან მასალების შესყიდვის საჭიროების მქონე სამუშაოებზე ტენდერები უფრო ადრე უნდა გამოცხადდეს. მაგალითად, სოფელ კულიკამში პრობლემა გვაქვს საჭირო მასალასთან — ქვასთან დაკავშირებით, რომლის შეძენაც გვსურს. მომწოდებელს მისი მოწოდება მხოლოდ ოქტომბრის შემდეგ შეუძლია, რადგან უამრავი შეკვეთა აქვს“, — განაცხადა სარგის უზუნიანმა.
მნაცაკან ფამბუხჩიანმა უპასუხა, რომ ეს კონტრაქტორის პრობლემაა, რადგან ტენდერში მონაწილეობით კომპანია ეთანხმება მის პირობებს, ხოლო პირობების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები.
სარგის უზუნიანმა აღნიშნა, რომ დეპუტატების ინტერესი კონტრაქტორის დასჯა კი არა, სამუშაოების აცივებამდე დასრულებაა.
„ჩვენთვის საჭირო ქვა დიდ მოცულობაზე დაჭრის სამუშაოებს მოითხოვს. ახლა მომწოდებელს ბევრი შეკვეთა აქვს. თუ ქვა არ იქნება, ჩვენი სამუშაო ვერ გაგრძელდება და მას დროულად ვერ დავასრულებთ. პრობლემა სწორედ ამაშია“, — აღნიშნა დეპუტატმა.
სხდომაზე განხილული ყველა საკითხი დეპუტატებმა დღეს, 27 აგვისტოს, საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.