ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების საკითხზე სიახლეები გამოჩნდა, თუმცა გადაყვანების დაწყების კონკრეტული თარიღი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. მერიაში აცხადებენ, რომ „თიბისი ბანკთან“ (TBC Bank) მგზავრობის ელექტრონული გადახდის საკითხზე მოლაპარაკებების განახლება მოხერხდა, ხოლო სახელმწიფო მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი სატრანსპორტო საშუალებების შეძენას გეგმავს.
ახალქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის, მნაცაკან პამბუხჩიანის განცხადებით, დაახლოებით ერთი კვირის წინ TBC Bank-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. მისი თქმით, ბანკი დათანხმდა, მუნიციპალიტეტს მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის ორგანიზებაში დაეხმაროს.
„შეხვედრა გაიმართა TBC Bank-თან, რომლის წარმომადგენლებიც დათანხმდნენ, ამ საკითხში დაგვეხმარონ. შეხვედრის დროს ისინი დათანხმდნენ გაანგარიშებების გაკეთებასა და მათ ჩვენთვის წარდგენას, რათა გადავწყვიტოთ, ვართ თუ არა თანახმა ამ წინადადებაზე“, — განაცხადა პამბუხჩიანმა.
მისი თქმით, პარალელურად წყდება დამატებითი ტრანსპორტის შეძენის საკითხიც. მანამდე მერია იუწყებოდა მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით შვიდი სატრანსპორტო საშუალების მიღების გეგმის შესახებ. ახლა კი, პამბუხჩიანის თქმით, საუბარია ოთხ სამარშრუტო ტაქსსა და სამ ავტობუსზე.
„ერთი ტენდერი შედგა და ხელშეკრულების ხელმოწერას ველოდებით. ანუ სახელმწიფო ჩვენთვის ყიდულობს სატრანსპორტო საშუალებებს — 18–19-ადგილიან სამარშრუტო ტაქსებსა და სამ ავტობუსს“, — აღნიშნა მან.
მერიის წარმომადგენლის თქმით, სამარშრუტო ტაქსების შესყიდვის ტენდერი უკვე შედგა, ხოლო სამ ავტობუსზე მონაწილეობის მიღების მსურველი არ გამოჩნდა. ამასთან დაკავშირებით, მოსალოდნელია ტენდერის ხელახლა გამოცხადება. პამბუხჩიანი სამარშრუტო ტაქსების არჩევანს იმით ხსნის, რომ ისინი უკეთესად შეესაბამება მუნიციპალიტეტის პირობებს.
„ისინი ჩვენს პირობებში უფრო ხელმისაწვდომია. გვაცნობეს, რომ სამარშრუტო ტაქსების ტენდერი შედგა, ავტობუსების კი — არა, რადგან მონაწილეობა არავინ მიიღო. ველოდებით, რომ სახელმწიფო, სავარაუდოდ, ხელახლა გამოაცხადებს ტენდერს“, — თქვა მან.
ამასთან, მერიაში ვარაუდობენ, რომ მომავალი სატრანსპორტო სისტემა მოემსახურება არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის სოფლებს, არამედ თვითონ ქალაქ ახალქალაქსაც. თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება ჯერ კიდევ დამოკიდებულია რიგი ორგანიზაციული და ფინანსური საკითხების გადაჭრაზე. მუნიციპალურ ბიუჯეტში აუცილებელია სატრანსპორტო სამსახურის მუშაობის, თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და ტრანსპორტის მოვლა-პატრონობის ხარჯების გათვალისწინება.
„მთლიანობაში გვექნება ტრანსპორტი, მათ შორის ქალაქშიც. თუ ყველაფერი ნორმალურად დასრულდება, მომავალი წლიდან ამ ხარჯებს ბიუჯეტში გავითვალისწინებთ, რადგან ცალკეა განსასაზღვრი სამსახურის, თანამშრომლებისა და სხვა ხარჯები. ასე რომ, მომავალი წლიდან დავიწყებთ“, — განაცხადა პამბუხჩიანმა.
მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის, განსაკუთრებით კი სოფლის დასახლებებისთვის, ეს საკითხი აქტუალური რჩება. რეგულარული საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა მრავალი წლის განმავლობაში სერიოზულ სირთულეებს ქმნის ახალქალაქში ჩასვლასა და დასახლებულ პუნქტებს შორის გადაადგილებისას. ორი ავტობუსი ჯერ კიდევ გასულ წელს შეიძინეს, თუმცა მათმა არსებობამ თავისთავად ვერ გადაჭრა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაშვების საკითხი.
შეახსენებთ, რომ 2023 წლის მაისში ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ ახალგაზრდულმა ჯგუფმა წამოაყენა პეტიცია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის შესახებ. აქტივისტებმა 10 სოფლის 420 მცხოვრების ხელმოწერა შეაგროვეს და პეტიცია საკრებულოს გადასცეს. დოკუმენტში მცხოვრებლები ითხოვდნენ რეგულარული სატრანსპორტო მიმოსვლის ორგანიზებას როგორც ახალქალაქში, ისე ქალაქსა და სოფლებს შორის. საკრებულომ მხარი დაუჭირა ინიციატივას და შემდგომი მუშაობისთვის მერიას გადაუგზავნა.
შემდგომში ხელისუფლებამ დაიწყო მუშაობა მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნაზე, ხოლო 2025 წელს ორი ავტობუსი შეიძინეს. თუმცა 2026 წლის იანვრიდან გადაყვანების დაწყება მაინც ვერ მოხერხდა. საკრებულოს თითქმის ყველა სხდომაზე დეპუტატები უბრუნდებიან ამ საკითხს და ინტერესდებიან, თუ როდის დაიწყებს ტრანსპორტი საბოლოოდ მუშაობას.