11 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანში, წმინდა ხნკიანოსის ხსენების დღე აღინიშნა. წელს საზეიმო ღონისძიებები კათოლიკური ეკლესიის მაღალი იერარქების, სომხეთისა და ჯავახეთის სასულიერო პირების, ასევე მრავალრიცხოვანი სტუმრისა და მორწმუნის მონაწილეობით ჩატარდა.

varevan4

დღესვე აკურთხეს ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ახლახან გამოიკვეთა ქვაზე, წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის კარის ზემოთ.

varevan7

წელს დღესასწაულმა მრავალრიცხოვან მორწმუნეს, სტუმარსა და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელს მოუყარა თავი. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად სოფელში ჩამოვიდა სომეხ კათოლიკეთა ეკლესიის ორდინარიატის ხელმძღვანელი სომხეთში, საქართველოში, რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მისი ყოვლადსამღვდელოება არქიეპისკოპოსი გევორგ ნორატუნკიანი. მასთან ერთად ჩამოვიდნენ სასულიერო პირები სომხეთიდან და ჯავახეთიდან.

varevn10

წმინდა ხნკიანოსის ხსენების დღე ყოველწლიურად ივლისის მეორე კვირას აღინიშნება. მცხოვრებლების თქმით, სხვადასხვა წლებში დღესასწაული განსხვავებულად ტარდებოდა: ხან მოკრძალებულად, ხან კი — მრავალრიცხოვანი სტუმრითა და საზეიმო პროგრამით. წელს სოფლის მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის სადღესასწაულო კონცერტი და გამასპინძლება მოეწყო.

ვარევანი კათოლიკური სოფელია. ოდესღაც აქ ბერძნები და ქართველებიც ცხოვრობდნენ, თუმცა დღეს, ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სოფელში მხოლოდ სომხები და რამდენიმე ქართული ოჯახიღა დარჩა.

varevan2

საზეიმო ღონისძიებები 1843 წელს აშენებულ წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიაში სადღესასწაულო ლიტურგიით დაიწყო. ღვთისმსახურებას სათავეში ედგა არქიეპისკოპოსი გევორგ ნორატუნკიანი. ლიტურგიაში ასევე მონაწილეობდნენ ღირსეული მამა რუბენი, მამა ანდრეი, მამა მიქაელი და მამა ანტონი.

დღესასწაულზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მრავალი კათოლიკური სოფლის მცხოვრებლები ჩამოვიდნენ, მათ შორის ალასტანიდან, ტურცხიდან და ბავრიდან. სოფელში ხალხმრავლობა და სადღესასწაულო განწყობა იყო.

varevan8

მამა გევორგ ნორატუნკიანთან შესახვედრად, რუსეთიდან სპეციალურად ჩამოვიდა სოფელ ტურცხის მკვიდრი ლევონ ავეტისიანი.
„მე მას პირადად ვიცნობ და როდესაც გავიგე, რომ დღეს აქ იქნებოდა, ჩამოვედი“, — აღნიშნა ლევონ ავეტისიანმა.

ლიტურგიის შემდეგ სასულიერო პირებმა და მორწმუნეებმა ეკლესიის გვერდით მდებარე წმინდა ხნკიანოსის საფლავი მოინახულეს. მათ აქ სანთლები აანთეს.

წმინდანის საფლავი დღეს მცირე ზომის სამლოცველოს (საძვალეს) წარმოადგენს და მომლოცველობის ადგილს არის.

varevan1

წმინდა ხნკიანოსის ცხოვრების შესახებ ვარევანის მკვიდრმა, ჰარუთიუნ აზარიანმა გვიამბო.

მისი თქმით, დაახლოებით 1725–1730 წლებში ხნკიანოსმა რამდენჯერმე გადაარჩინა სომხები კარნოს ოლქიდან (ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორია), ისინი ჯავახეთში გადმოასახლა და ადგილობრივ სოფლებში დაასახლა.

„როდესაც დაბერდა, გადაწყვიტა ეპოვა ადგილი, სადაც ცხოვრების უკანასკნელ წლებს მშვიდად გაატარებდა. მან მოიარა ყველა სოფელი, სადაც თავის დროზე სომხები დაასახლა, და საბოლოოდ არჩევანი ვარევანზე შეაჩერა. ყველა სოფელში კარგად იღებდნენ, მაგრამ ვარევანელებმა განსაკუთრებულად თბილად მიიღეს. ისიც აქ დარჩა საცხოვრებლად. გარდაცვალების შემდეგ მცხოვრებლებმა იგი ეკლესიის გვერდით დაკრძალეს და პატარა სამლოცველო აუშენეს. დროთა განმავლობაში ის დაინგრა, ხოლო 1965 წელს ალასტანელმა ერთ-ერთმა მღვდელმა აღადგინა. მას შემდეგ სამლოცველო მოქმედებს“, — გვიამბო ჰარუთიუნ აზარიანმა.

მცხოვრებლების თქმით, წმინდა ხნკიანოსის ხსენების დღის ყოველწლიური აღნიშვნის ტრადიცია 1990-იან წლებში აღადგინეს. თუმცა, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ასეთი მრავალრიცხოვანი შეკრება დღესასწაულზე ყოველ წელს არ ხდება.

varevan3

სამლოცველოს მონახულების შემდეგ სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა. შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით არქიეპისკოპოსმა გევორგ ნორატუნკიანმა მიმართა.

„იმედი მაქვს, ამ სოფლის ახალგაზრდებს შორის იქნებიან ისეთებიც, ვინც თავს კათოლიკური ეკლესიის სამსახურს მიუძღვნის. ჩვენ ეკლესიას კურთხევისა და იმედის წყალობით ვინარჩუნებთ“, — აღნიშნა მამა გევორგ ნორატუნკიანმა.

varevan5

სადღესასწაულო პროგრამის მსვლელობისას სტუმრებს წმინდა ხნკიანოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უამბეს, რის შემდეგაც სოფელ ვარევანის საცეკვაო კოლექტივების გამოსვლები გაიმართა. საცეკვაო ჯგუფების ხელმძღვანელია სირანუშ აკოპიანი, ქორეოგრაფი — მანველ საარიანი.

varevan9