30 ივნისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული „მათემატიკის ოლიმპიადა 2026“-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. სოფელ გომანის სკოლამ საუკეთესო შედეგებისთვის თასი და მადლობის სიგელი მიიღო, ასევე, ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ანჟელა მარუკიანი, სპეციალური მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.
ინფორმაცია ამის შესახებ უნივერსიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალურ ცერემონიაზე დაჯილდოვდა საშუალო და უფროსი კლასების 21 მოსწავლე, რომლებმაც ოლიმპიადაზე I, II და III ადგილები დაიკავეს. მათ მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ. თასები და მადლობის სიგელები ასევე გადაეცათ ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლის დირექტორს, ჟუჟუნა გოგოლაურს, და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის დირექტორს, აიასტან მოვსისიანს.
1000047575
მათემატიკის ოლიმპიადის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მოსწავლეთა წარმატებული მომზადებისთვის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს, ანჟელა მარუკიანს, სპეციალური მადლობის სიგელი გადაეცა. გარდა ამისა, საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ სხვა პედაგოგებიც, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ოლიმპიადაში მოსწავლეთა წარმატებული მონაწილეობის უზრუნველყოფასა და მათ მომზადებაში.

1000047578

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი, ალექსანდრე თევზაძე. მან უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა ორი თასი წარმატებული სკოლების დირექტორების დასაჯილდოებლად, ასევე საპატიო სიგელი ყველაზე წარმატებული პედაგოგისთვის.
„მათემატიკის ოლიმპიადა 2026“ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ იყო ორგანიზებული. ახალქალაქში ოლიმპიადის პირველი ტური 24 მაისს ჩატარდა. მასში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სოფელ გომანიდან 20 მოსწავლე ჩაერთო, რომელთაგან 10 მეორე ტურში გადავიდა.
მეორე ტური ახალციხეში 7 ივნისს გაიმართა. გომანიდან 9 მოსწავლე გაემგზავრა, რომლებმაც მაღალი ქულები დააგროვეს, თუმცა 3-მა მოსწავლემ პირველი ადგილი დაიკავა და მედლები მოიპოვა:
მარტინ აკობიანმა (VII კლასი) – 10-დან 10 ქულა დააგროვა,
სერგეი ალექსანიანმა (IX კლასი) – 10-დან 10 ქულა დააგროვა,
ჰრაჩია ჩრახიანმა (XI კლასი) – 10-დან 9 ქულა დააგროვა.

1000047569

1000047627 (1)

1000047572