2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოს დერეფანში ტრეილერების რაოდენობა წლიურ ჭრილში 574 ერთეულით გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი თანხა 201 215 ლარით გაიზარდა. ახალქალაქი-თურქეთის რთულად გასავალი გზის ფონზე, „კარწახის“ გამშვები პუნქტის გავლით საზღვრის მკვეთ სატვირთო მანქანების რაოდენობის შემცირება განსაკუთრებით არ შეიმჩნევა.
კონსოლიდირებული ბიუჯეტის შემოსავლების მიხედვით (კონსოლიდაციის გათვალისწინების გარეშე), თუ 2026 წლის იანვარ-მაისში სატვირთო ავტომობილების გადაზიდვებიდან ხაზინაში 69 332 543 ლარი შევიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ თანხამ 69 131 328 ლარი შეადგინა.
თანხის ზრდის შესაბამისად, გაიზარდა გადაადგილებული ტრეილერების რაოდენობაც. კერძოდ, არსებული ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ქვეყნის დერეფანი 198 092-მა ტრეილერმა გადაკვეთა, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში — 197 518-მა ტრეილერმა.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2025 წელს სატვირთო მანქანების გადაადგილებიდან ხაზინაში 171 286 748 ლარი შევიდა, შესაბამისად, საზღვარი საშუალოდ 489 390-მა სატვირთომ გადაკვეთა.
საქართველოს საზღვარზე ტრანზიტული ტრეილერებისთვის გზათსარგებლობის საფასური 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ. საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის გზა, რომლის გავლითაც სატვირთოები თურქეთში ან თურქეთიდან გადაადგილდებიან, უკვე რამდენიმე წელია რთულად გასავალ მდგომარეობაშია. სატვირთოების მძღოლები ჩივიან იმ დისკომფორტზე, რომლის ატანაც გზის ამ მონაკვეთზე (დაახლოებით 30 კმ) უწევთ, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ამ გზაზე სატვირთოების ნაკადის განსაკუთრებული შემცირება არ შეიმჩნევა — გზას დღეში დაახლოებით 250 სატვირთო მანქანა კვეთს.