ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების სავალდებულო სახელმწიფო ავტორიზაციის პროცესი დაიწყო. ამ დროისთვის პროცედურა 14 მოქმედი სოფლის საბავშვო ბაღიდან ოთხმა გაიარა, თუმცა მათ შენობებში ახალ სტანდარტებთან არსებული არაერთი შეუსაბამობა ჯერ კიდევ გამოსასწორებელია.
საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ყველა დაწესებულება ვალდებულია გაიაროს სახელმწიფო ავტორიზაცია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ავტორიზაციის პროცესი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. შესაბამისი პროცედურების შემდეგ, ავტორიზაცია 14 მოქმედი საბავშვო ბაღიდან ოთხმა გაიარა.
მიმდინარე წლის დასაწყისში, ავტორიზაციის პროცედურის გავლის მიზნით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოთხი საბავშვო ბაღი მუნიციპალური ბალანსიდან საბავშვო ბაღების გაერთიანების ბალანსზე გადავიდა.
ესენია შემდეგი საბავშვო ბაღები:
სოფელ კარწახის საბავშვო ბაღი №9
სოფელ ფტენის საბავშვო ბაღი №11
სოფელ კულიკამის საბავშვო ბაღი №10
სოფელ კუმურდოს საბავშვო ბაღი №15
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ანაიდა ასატურიანის თქმით, პირველ ეტაპზე ოთხივე საბავშვო ბაღმა გაიარა ავტორიზაცია, თუმცა რჩება საკითხები, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებს, და შენობებში სხვადასხვა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები იგეგმება.
„ყველამ გაიარა ავტორიზაცია, მაგრამ არის შენობებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც უნდა გამოსწორდეს. ეს ეხება ოთხივე საბავშვო ბაღს. პრობლემები გამოწვეულია იმით, რომ შენობები დიდი ხნის წინ აშენდა, ხოლო სტანდარტები, რომლებსაც ისინი უნდა შეესაბამებოდნენ, მხოლოდ გასულ წელს იქნა მიღებული. ყველა შენიშვნის აღმოსაფხვრელად ორი წელი მოგვცეს“, — განაცხადა მან.
ავტორიზაციის მეორე ეტაპი ჯერ არ დაწყებულა. ყველა საბავშვო ბაღის ავტორიზაციის პროცესის სრულად დასრულება 2030 წლამდე იგეგმება.
„სანამ არ გვეტყვიან, თუ რამდენი საბავშვო ბაღი უნდა წარვადგინოთ ავტორიზაციაზე მომდევნო ეტაპზე, ვერ გეტყვით, რომელი საბავშვო ბაღები იქნება შემდეგი“, — აღნიშნა ანაიდა ასატურიანმა.
ავტორიზაცია ნიშნავს, რომ საბავშვო ბაღი უნდა აკმაყოფილებდეს მკაცრ მოთხოვნებს შენობების უსაფრთხოების, სანიტარული ნორმების (კვება, საძინებელი ადგილები), პერსონალის კვალიფიკაციის, სასწავლო პროგრამისა და ასევე, ერთ ბავშვზე ფართობის ნორმების შესახებ, საქართველოს კანონის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ შესაბამისად.
ამჟამად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 14 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, საიდანაც 12 უზრუნველყოფს კვებას, ხოლო 2 ალტერნატიულია — მუშაობს ნახევარი დღით, კვების გარეშე. ახალქალაქში კიდევ სამი საბავშვო ბაღი რემონტის პროცესშია, ხოლო ახალაშენებული შენობა აღჭურვას ელოდება, რათა სკოლამდელ დაწესებულებად დაიწყოს მუშაობა.